შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის მთის კურორტებზე ფასდაკლების კვირეული გამოცხადდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით საქართველოს მთის კურორტებზე ფასდაკლების კვირეული (Discount Week-Ski Resorts) გამოცხადდება.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვირეულში სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული სასტუმროები მიიღებენ მონაწილეობას. განთავსების ობიექტები ვიზიტორებს სულ მცირე, 20 პროცენტიან ფასდაკლებას შესთავაზებენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტში ჩართულია მთის კურორტების განვითარების კომპანია, რომელიც დამსვენებლებს სათხილამურო აბონიმენტებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას შესთავაზებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პროექტში ჩართვის მსურველი სასტუმროებისთვის 6 მარტს ინტერესთა გამოხატვის შესახებ საჯარო მოწვევას გამოაცხადებს. ინფორმაცია განთავსდება როგორც ადმინისტრაციის ოფიციალურ, ასევე „ფეისბუქ“ გვერდებზე.
ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ფასდაკლების კვირეულის მიზანია, ტურისტული ადგილებისა და პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა. ასევე, რეგიონების პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის წახალისება.