მარიამ ქვრივიშვილი - წლევანდელი წელი, ლოგიკური მიზეზების გამო, კიდევ უფრო ამძაფრებს შიდა ტურიზმის ღირებულებას
მარიამ ქვრივიშვილი - წლევანდელი წელი, ლოგიკური მიზეზების გამო, კიდევ უფრო ამძაფრებს შიდა ტურიზმის ღირებულებას

წლევანდელი წელი, ლოგიკური მიზეზების გამო, კიდევ უფრო ამძაფრებს შიდა ტურიზმის ღირებულებას, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ჩვენი რესურსი მაქსიმალურად და ოპტიმისტურად არის მიმართული შიდა ტურიზმის უფრო მეტად განვითარებაზე. საქართველოში მოგზაურობა არის არათუ ძალიან საინტერესო, არამედ ძალიან უსაფრთხო. გუშინ, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვიწყებთ აქტიურ და მასშტაბურ კამპანიას „ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის“, რათა შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირება მოხდეს. კამპანიის ფარგლებში გაკეთდება არაერთი ღონისძიება, რომ თითოეულმა ჩვენგანმა კიდევ უფრო მეტად, უკეთ გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, დღეს თითოეულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, რომ თავად შეიტანოს წვლილი ასეთი მნიშვნელოვანი და ღირებული დარგის ხელშეწყობაში, გაძლიერებასა და გადარჩენაში.

„ვემზადებით ერთი მხრივ, კიდევ უფრო მეტად გაზრდილი შიდა ტურისტული ნაკადებისთვის და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ძალიან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კერძო სექტორში უმეტესად, დანერგილია ყველა ის რეგულაცია, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელია, რათა უზრუნველვყოთ შიდა მოგზაურობის უსაფრთხოება“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ხელმისაწვდომია დღეს საქართველოში დასვენება, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა, მცირე ნაკადი არ არის 3,5 მილიონი მოსახლე, რომელიც ავტომატურად არის ჩვენივე ქვეყნის ტურისტი და შიდა მოგზაური.

„ასევე, თუ გადავხედავთ 2019 წლის სტატისტიკას, სადაც შიდა ტურისტული ნაკადების მიერ დაგენერირებული შემოსავალი მილიარდ ნახევარ ლარს უდრიდა და თუ იმასაც შევხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე მოგზაურობდნენ, წმინდა ტურისტული მიზნებისთვის საერთაშორისო არეალზე მათი დანახარჯები დაახლოებით, ერთი მილიარდი იყო. ფაქტობრივად, ჩვენ ვსაუბრობთ 2.5 მილიარდიან პორტფელზე, რომელიც ბუნებრივია, გარემო პირობებიდან გამომდინარე გადახედვადია, თუმცა, იმის თქმა მინდა, რომ შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირება ძალიან დიდი მხარდაჭერა და შეღავათი იქნება კერძო სექტორისთვის“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

დატოვე კომენტარი