შესყიდვების სააგენტო - მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაზე ტენდერის გამოცხადების მომენტში „ყვარელრემმშენი“ შავ სიაში აღარ იყო
„ყვარელრემმშენის“ შავ სიაში რეგისტრაციის ვადა 2016 წლის 25 სექტემბერს ამოიწურა, ანუ იმ მომენტისათვის, როდესაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე 2016 წლის 28 სექტემბერს გამოცხადდა ტენდერი, ამოწურული იყო შავ სიაში რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი ერთწლიანი ვადა და მას სრულფასოვნად შეეძლო, მიეღო მონაწილეობა ნებისმიერ სახელმწიფო შესყიდვაში, – ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, აღნიშნული კომპანია 2015 წლის 25 სექტემბრიდან 2016 წლის 25 სექტემბრამდე, ერთი წლის ვადით იყო რეგისტრირებული შავ სიაში, ხოლო ტენდერის გამოცხადების მომენტში აღნიშნული ვადა გასული იყო.
უწყების განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა ავტომატურად ბლოკავს იმ კომპანიებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან შავ სიაში და არ აძლევს მათ საშუალებას, მიიღონ მონაწილება გამოცხადებულ ტენდერებში.
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ეხმიანება უკანასკნელ პერიოდში მასმედიის საშუალებებით ცალკეული პირების მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებს და შეგნებულ დეზინფორმაციას შავ სიაში რეგისტრირებული კომპანიებისთვის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესაძლებლობისდაშვების შესახებ. სახელდობრ, გავრცელებულ ინფორმაციაში ხდება მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი ტრაგედიით სპეკულირება და უსაფუძვლო აპელირება იმაზე, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიას ისე მიეცა ხელშეკრულების დადების უფლება, რომ იგი რეგისტრირებული იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოებულ შავ სიაში.
აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (https://tenders.procurement.gov.ge), რომელიც ფუნქციონირებს 2010 წლიდან, ავტომატურად ბლოკავს იმ კომპანიებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან შავ სიაში და არ აძლევს მათ საშუალებას, მიიღონ მონაწილება გამოცხადებულ ტენდერებში.
რაც შეეხება კონკრეტულად შპს „ყვარელრემმშენს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 241563562), იგი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2015 წლის 25 სექტემბერს დარეგისტრირდა შავ სიაში ერთი წლის ვადით. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ვადა განსაზღვრულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი საფუძველზე. შესაბამისად, ხსენებული კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის ვადა ამოიწურა 2016 წლის 25 სექტემბერს, ანუ იმ მომენტისათვის, როდესაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე 2016 წლის 28 სექტემბერს გამოცხადდა ტენდერი, ამოწურული იყო შავ სიაში რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი ერთწლიანი ვადა და მას სრულფასოვნად შეეძლო მიეღო მონაწილეობა ნებისმიერ სახელმწიფო შესყიდვაში.
რაც შეეხება კონკრეტულად შპს „ყვარელრემმშენის“ მიერ ზემოაღნიშნულ ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ხარისხს, იგი დამოკიდებულია, როგორც თავად კომპანიის კვალიფიკაციაზე, გამოცდილებაზე, ტექნიკურ შესაძლებლობებზე და სხვ., აგრეთვე საპროექტო დოკუმენტაციის გამართულობაზე, სამშენებლო პროცესის ზედამხედველობაზე და სხვა არსებით საკითხებზე, რომლებიც უნდა შეაფასოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ უშუალოდ ან მის მიერ განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირმა/ორგანომ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს ყველა პირს, ინფორმაციის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებში გადამოწმებამდე თავი შეიკავოს ცრუ ბრალდებების ტირაჟირებისგან და ხელი არ შეუწყოს საზოგადოებაში არაჯანსაღი შეხედულებების დამკვიდრებას“, – ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს განცხადებაში.