შენობა-ნაგებობებს უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი ჩაუტარდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძეს მიმართა, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სასტუმროებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განხორციელდეს უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რეგიონებში უნდა ჩატარდეს კამპანია, რათა მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების ნორმებთან შესაბამისობის მიმართულებით კომპრომისი არ იქნას დაშვებული.
„მინდა, ზურაბ ალავიძეს ვთხოვო, რეგიონებში კიდევ ერთხელ ჩავატაროთ სამუშაო კამპანია, რათა მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში არანაირი კომპრომისი ამ მიმართულებით არ იყოს დაშვებული. ეს, რა თქმა უნდა, რაც ეხება მომავალში პრევენციას, მაგრამ აუცილებლად უნდა დავიწყოთ არსებული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი, ან თუ გნებავთ, აღრიცხვა ამ მიმართულებით.
განსაკუთრებით ეს ეხება საბავშვო ბაღებს, სკოლებს, რა თქმა უნდა, სასტუმროებს და ისეთ შენობებს, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყრის თავს. ასევე უნდა შემოწმდეს, რამდენად უზრუნველყოფილია ადამიანების თავისუფალი მოძრაობა ასეთი ტიპის საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში.
მოგიწოდებთ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში ჩავატაროთ სამუშაო, რათა დავადგინოთ, რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით. იცით, რომ მომავალი წლისთვის საგანგებო სიტუაციებისა და შესაბამისი სამსახურებისთვის 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული და მათი აღჭურვაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტური ვიყოთ ასეთ სიტუაციებში.
მოგეხსენებათ, ჩვენ პირველად 2015 წელს გავამკაცრეთ რეგულაციები სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით და 2016 წელს ასევე მივიღეთ დადგენილება. ამ მიმართულებით გამკაცრების ორი ეტაპი განვახორციელეთ და მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ზედმიწევნით შევასრულოთ შესაბამის ნორმატიულ აქტებში გაწერილი მოთხოვნები“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.