შემოქმედელი მიტროპოლიტი, მეუფე იოსები ეპარქიის მრევლისთვის მიმართვას ავრცელებს
შემოქმედელი მიტროპოლიტი, მეუფე იოსები შემოქმედის ეპარქიის ფეისბუქგვერდზე მიმართვას ავრცელებს.
მეუფე მრევლს შეახსენებს, რომ 23:00 საათზე დაიწყება მსახურება, 24:00 საათზე იქნება ლიტანიობა და შემდეგ საღმრთო ლიტურგია.
ამასთან, მიტროპოლიტი მრევლს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ექიმებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, გაიკეთონ პირბადე და დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია.
„ქრისტეს მიერ საყვარელო სულიერო შვილებო! გაცნობებთ, რომ საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შეთანხმების საფუძველზე, მრევლს მიეცა საშუალება, დაესწროს აღდგომის ლიტურგიას, თუმცა უნდა ვიმოქმედოთ სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების ფარგლებში და არ დავარღვიოთ კომენდანტის საათი. ამიტომ გთხოვთ, ტაძარში მობრძანდეთ შაბათს, საღამოს 21: 00 საათამდე და ტერიტორია დატოვოთ დილის 06:00 საათის შემდეგ, ხოლო ვინც შეუძლოდ არის ან სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეუძლია, დაესწროს საღმრთო ლიტურგიას, დარჩეს სახლში და მომდევნო კვირის შვიდი დღის მანძილზე (ბრწყინვალე შვიდეულში) მივიდეს ტაძარში, რომელიც აგრეთვე ითვლება აღდგომის დღესასწაულად. 23:00 საათზე დაიწყება მსახურება, 24:00 საათზე იქნება ლიტანიობა და მას მიებმება საღმრთო ლიტურგია.
მრევლს მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ ექიმებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები. საკუთარი თავისა და სხვების დაცვის მიზნით გაიკეთეთ პირბადე (პირბადის გარეშე მოსვლა ყოვლად დაუშვებელია) და დაიცავით დისტანცია, დადექით ერთმანეთისგან ორი მეტრის დაშორებით. ლიტურგიის მსვლელობისას, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ მესანთლეს“, – ნათქვამია მიმართვაში.