შეკვეთილში, კაპროვანის მონაკვეთზე სასტუმროს მშენებლობიდან ორი ადამიანი გადმოვარდა. ისინი მშენებლობაზე დასაქმებული პირები იყვნენ.
ერთი მათგანი, 60-წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ფოთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერმა კესო გელენიძემ განაცხადა, რომ დაშავებულს სხვადასხვა სახის ტრავმული დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ისინი სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.