შეკვეთილში ელტონ ჯონის კონცერტებისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება
ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის კონცერტებისთვის სამზადისი შეკვეთილში დასასრულს უახლოვდება. მომღერალი Black Sea Arena-ზე, 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს საკუთარ ბენდთან ერთად, ორ კონცერტს გამართავს.
Black Sea Arena-ზე დაგეგმილი აღნიშნული შოუები იქნება ერთადერთი, რომელსაც ელტონ ჯონი 2018 წელს ევროპაში ჩაატარებს.
საქართველოში ბენდის წევრების მუსიკალურ ინსტრუმენტებთან და სხვა სასცენო აღჭურვილობასთან ერთად, უკვე ჩამოიტანეს მომღერლის როიალი.
„სამზადისი თითქმის დასრულებულია. მომღერალს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა, მცენარე ფიკუსების სიმრავლე, მუდმივად ჩართული ტელევიზორი, სადაც სპორტული არხები იქნება ნაჩვენები და ასევე, ცალკე ოთახი სასცენო გარდერობისთვის“, – ამბობს „ისთერნ ფრომოუშენის“ წარმომადგენელი ეკატერინე კუპრეიშვილი.
ელტონ ჯონი ქართველი მსმენელის წინაშე შეასრულებს როგორც ცნობილ ჰიტებს, ასევე სიმღერებს ბოლო სტუდიური ალბომიდან „Wonderful Crazy Night“.