სასტუმროები, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა – ამ სფეროებში არაბული „დაბი ჯგუფი“ საქართველოში ინვესტიციებს გეგმავს. ამის შესახებ პირველ არხთან ინტერვიუში არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრთა კაბინეტის წევრმა, ტოლერანტობის მინისტრმა, შეიხმა ალ ნაჰაიანმა განაცხადა.
„საქართველომ დაამტკიცა, რომ ინვესტორებისთვის მეგობრული ქვეყანაა. ეს დასტურდება საერთაშორისო ინდიკატორებითაც, მათ შორის ბიზნესის სიმარტივით კუთხით, დაბალი კორუფციის მაჩვენებლით, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების თვალსაზრისით. ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაორმაგოთ ჩვენი ინვესტიციები, რადგან მივიღეთ სარგებელი იმ ინვესტიციით, რომელიც ქვეყანაში უკვე ჩავდეთ“, – განაცხადა ალ ნაჰაიანმა.
აბრეშუმის გზის ფორუმზე საუბრისას, შეიხმა აღნიშნა, რომ საქართველო ვაჭრობისთვის, ბიზნესისთვის და ტურიზმისთვის გზაჯვარედინია, მისი ერთ-ერთი უპირატესობა კი ხელშეკრულებებია, რომელიც ჩინეთთან, ევროკავშირთან და სხვა სახელმწიფოებთან არის გაფორმებული.