შეიხი ალ ნაჰაიანი - საქართველო არის საუკეთესო ადგილი ბიზნესის, მისი დაცულობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ვიზიტით ეწვია არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრი შეიხი მუბარაკ ალ ნაჰაიანი.
როგორც შეიხმა ალ ნაჰაიანმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია, მეორედ მონაწილეობდეს ამ მნიშვნელოვან ფორუმში, რომელიც კარგი პლატფორმაა რეგიონის ეკონომიკურ მომავალზე სამსჯელოდ. შეიხმა ხაზი გაუსვა საქართველოს მოწინავე როლს ეკონომიკური განვითარების და ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, ასევე მისი, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ხაზის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს.
„ჩემთვის დიდი პატივია მეორედ ვმონაწილეობდე ამ მნიშვნელოვან ფორუმში, რომლის მნიშვნელობას ასევე ადასტურებს მასში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა. ფორუმის მიმდინარეობისას განიხილება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ეკონომიკური მომავალი. საქართველოს არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი უმთავრესი გზაჯვარედინი, რაც დამატებით ფასეულობას სძენს ამ ფორუმს. გაერთიანებული ემირატებისა და საქართველოს ურთიერთობა ძალზედ მტკიცეა. ჩვენ დარწმუნებული ვართ საქართველოს შესაძლებლობებსა და მის წინსვლაში იყოს ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის ცენტრი რეგიონში. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მუდმივად მზარდია, საქართველო არის საუკეთესო ადგილი ბიზნესის კეთების, მისი დაცულობის და გამჭვირვალობის თვალსაზრისით, რაც ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ფორუმს. მოხარული ვარ რომ შევხვდები საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მასთან განვიხილავთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს“, – განაცხადა შეიხმა ალ ნაჰაიანმა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი დახვდა.