შეიხი ალ ნაჰაიანი საქართველოში პორტისა და აეროპორტის მოწყობას გეგმავს
არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრთა კაბინეტის წევრი, ტოლერანტობის მინისტრი შეიხი ალ ნაჰაიანი საქართველოში პორტისა და აეროპორტის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ მან თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მისასალმებელ პანელზე ისაუბრა. მისივე თქმით, უახლოეს ორ წელიწადში საქართველოში ინვესტიციების გაორმაგებას აპირებს.
„წლების წინ საქართველოსთან მხოლოდ ერთი ფრენა გვქონდა კვირაში, ახლა ფრენები დღეში 3-5-ჯერ ხორციელდება. ყველა არსებული ინდიკატორი გვიჩვენებს იმას, რომ საქართველო არის ბიზნესის თვალსაზრისით ძალიან კომფორტული. პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ აქ შეგიძლია აკეთო ბიზნესი და ამისთვის ყველა საჭირო ხელსაწყო გაგაჩნდეს. უახლოეს ორ წელიწადში ინვესტიციების გაორმაგება გადავწყვიტე. ამით ნდობას ვუცხადებთ საქართველოს ხელისუფლებას. საქართველო არის განვითარებული ქვეყანა და ეს ეკონომიკის ზრდაშიც ჩანს.
გავაგრძელებთ საქართველოში ინვესტიციების ჩადებას. სამომავლოდ, მე პირადად ვგეგმავ პორტის, აეროპორტის მოწყობას. კარგია, რომ საქართველოში არ არის ბიუროკრატია და ბიზნესის კეთების კარგი გარემოა“, – განაცხადა შეიხი ალ ნაჰაიანმა.