შავი ზღვის უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციების გამართვას აანონსებს
შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორი და სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ისინი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც სასწავლებელს სტუდენტების მიღება ერთი წლის ვადით შეუჩერდა, უსამართლოს უწოდებენ და აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
უნივერსიტეტის სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს დროს 27 აგვისტოს 18:00 საათამდე აძლევენ, რათა მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ცნოს. სწორედ ამ ვადაში ელოდებიან პრემიერ-მინისტრის გამოხმაურებასაც.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადეს, თუმცა სასამართლო ბრძოლას აგრძელებენ.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუსრულებელი ფინანსური დავალიანებებისა და დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონების გამო ერთი წლით შეეზღუდა.
IBSU-ში აცხადებენ, რომ ექსპერტების დასკვნის მიხედვით, უნივერსიტეტმა ავტორიზაციის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და მიმართავენ არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს.