შავი ზღვის ღრმა ნაწილებში ბოლო გამყინვარების ხანა ჯერაც არ დასრულებულა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
შავი ზღვის ღრმა ნაწილებში ბოლო გამყინვარების ხანა ჯერაც არ დასრულებულა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შავი ზღვის ზოგიერთი უღრმესი ნაწილი დღემდე ეპასუხება ბოლო გამყინვარების ხანით გამოწვეულ კლიმატურ ცვლილებებს — პერიოდს, რომელიც ოფიციალურად თითქმის 12 000 წლის წინ დასრულდა.

აირადი ჰიდრატების დანალექების ანალიზი მიუთითებს პროცესებისადმი დაგვიანებულ პასუხზე, რომელიც შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დუნაის მარაოს სახელით ცნობილ ზონაში მიმდინარეობს; ამ შემთხვევაში, მკვლევრებმა წყლის მოლეკულების მიერ ჩაჭედილი მეთანი შეისწავლეს, რომელსაც ყინულის მსგავსი მყარი ნივთიერების სახე აქვს.

ტემპერატურულ და სხვა მონაცემებთან ერთად, აირადი ჰიდრატების დანალექებიდან გაბურღვით აღებული ნიმუშები რაღაც მოულოდნელზე მიუთითებს: ზღვის ფსკერის ქვეშ, თავისუფალი მეთანის აირის დონე ჯერ კიდევ არ მორგებია თბილ გარემოს, რომელიც უკვე ათასობით წელიწადია, რაც ზედაპირზეა გაბატონებული.

„ეს გვიჩვენებს, რომ აირადი ჰიდრატების სისტემა დუნაის მარაოს ამ ღრმა მონაკვეთში ჯერ კიდევ ეპასუხება ბოლო მყინვარული მაქსიმუმის დასასრულით გამოწვეულ კლიმატის ცვლილებებს“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

კვლევის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს მეცნიერთა მცდელობა, რომ განსაზღვრონ აირადი ჰიდრატების სტაბილურობის ზონის (GHSZ) საძირკველი — ყველაზე ღრმა წერტილი, სადაც აირადი ჰიდრატები ბუნებრივად წარმოიქმნება ტემპერატურის, წნევის და სხვა რამდენიმე ფაქტორის გამო. ამ ზონის მაღლა და დაბლა გვხვდება „თავისუფალი“ მეთანის აირი, რომელიც ჰიდრატებში არ არის ჩაჭედილი.

ამ ზონის საძირკვლის საპოვნელად, მკვლევრებმა სეისმური არეკვლის გაზომვის მეთოდს მიმართეს; ასე გაზომეს დანალექები, რომლებსაც ფსკერის სიმულაციურ რეფლექტორს (BSR) უწოდებენ. თუმცა, წინა კვლევა მიუთითებდა, რომ შავი ზღვის ამ ნაწილში შეინიშნება უცნაური შეუსაბამობა ფსკერის სიმულაციურ რეფლექტორსა და აირადი ჰიდრატების სტაბილურობის ზონის საძირკველს შორის.

ზღვის ფსკერის გაბურღვისა და ტემპერატურის გაზომვების შემდეგ, მკვლევრებმა ამჯერად დაასკვნეს, რომ აირადი ჰიდრატების სტაბილურობის ზონის საძირკველი თბილ გარემო პირობებს გასული ათასწლეულების მანძილზე მოერგო, რასაც მისი მაღლა აწევაც მიუთითებს, მაგრამ თავისუფალი მეთანის აირი და მასთან დაკავშირებული ფსკერის სიმულაციურ რეფლექტორი ჯერ კიდევ „დაჭერობანას“ თამაშობენ.

„ჩვენი თვალთახედვით, აირადი ჰიდრატების სტაბილურობის საზღვარი უკვე მიუახლოვდა თბილ გარემო პირობებს ზედაპირქვეშ, მაგრამ თავისუფალი მეთანის აირი, რომელიც ყოველთვის გვხვდება ამ ქვედა კიდეზე, მასთან ერთად ჯერ კიდევ არ ამოწეულა“, — ამბობს გერმანიის ლაიბნიცის ზღვის მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოფიზიკოსი მიხაელ რიდელი.

სწორედ ასეთი დაგვიანებული პასუხი შეიძლება იყოს იმის მიზეზი, თუ რატომ არ არის ფსკერის სიმულაციურ რეფლექტორი იქ, სადაც უნდა იყოს. ჯგუფის აზრით, გარკვეულ როლს შეიძლება თამაშობდეს დანალექთა გამტარიანობაც; როგორც მათ მიერ ჩატარებულმა გაზომვებმა აჩვენა, გარკვეულ ზონებში მეთანმა მაღლა ასვლა შეძლო, მაგრამ გარკვეულ ზონებში ვერა.

„დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ამ რეგიონში აღმოვაჩინეთ ძალიან დინამიკური სიტუაცია, რომელიც როგორც ჩანს, დაკავშირებულია ბოლო გამყინვარების ხანის შემდგომ შავი ზღვის განვითარებასთან“, — ამბობს რიდელი.

დაახლოებით 20 000 წლის წინ, შავ ზღვაში წყლის დონე თითქმის 100 მეტრით დაბალი იყო, რაც ზღვის ფსკერზე უფრო დაბალ წნევას ნიშნავს. ამავე დროს, მნიშვნელოვნად უფრო ცივი იყო წყალიც. რაც შეეხება თავისუფალი მეთანის აირს, მისი გარემო მას შემდეგ ჯერაც არ შეცვლილა.

კლიმატის ცვლილებების ეფექტებზე ჩატარებული სხვა ნებისმიერი კვლევის მსგავსად, ამ კვლევის მიზანიც სამომავლო კლიმატის მოდელირებაში დახმარებაა. მაგალითად, ამჟამად, უზარმაზარი მოცულობით აირადი ჰიდრატების დანალექებია არქტიკის ქვეშ და შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ შეიძლება რეაგირებდნენ ისინი ტემპერატურის ზრდაზე, რაც ახლა ხდება.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ მათ მიღებულ შედეგებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან პროცესში მრავალი სხვადასხვა ფაქტორია ჩართული და მრავალიც ჯერ კიდევ შეუსწავლელია; თუმცა, ისინი ამავე დროს ხაზს უსვამენ ასეთი კვლევებისა და მონაცემთა ხარისხის მნიშვნელობას.

„ჩვენს კვლევაში გამოვიყენეთ საბურღი მოწყობილობა MARUM-MeBo200 და მოვხსენით სიღრმის ყველა წინა რეკორდი, რადგან გავბურღეთ თითქმის 145 მეტრის სიღრმეზე“, — ამბობს გერმანიის ქალაქ ბრემენის უნივერსიტეტის გეოლოგი გერჰარდ ბორმანი.

კვლევა Earth and Planetary Science Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია geomar.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.