შავი ხვრელის ფოტოს გადამღებ მეცნიერთა ჯგუფს 3$ მილიონი პრემია გადაეცა
ყველა დიდი გალაქტიკის გულში გაწოლილია სუპრმასიური შავი ხვრელი — ადგილი, სადაც გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ მისგან გაქცევა არაფერს, მათ შორის სინათლესაც არ შეუძლია.
ყველა სხვა შავი ხვრელის მსგავსად, სუპერმასიურებიც მაშინ იბადებიან, როცა სასიცოცხლო ციკლის ბოლოს ვარსკვლავი საკუთარ თავში კოლაფსირდება. საშუალოდ, ისინი ჩვენს მზეზე მილიონობით მასიური არიან.
მეცნიერები წლების განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ შავი ხვრელის ფოტოზე აღბეჭდვას, რადგან იგი მასთან მიახლოებულ მთელ სინათლეს შთანთქავს.
თუმცა, 2019 წლის 10 აპრილს, მრავალწლიანი ლოდინი დასრულდა — მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა შავი ხვრელის პირველი, ისტორიული ფოტო. ეს მომენტი ერთ-ერთი გარდამტეხია კოსმოსის კვლევაში.
5 სექტემბერს, ამ მიღწევისთვის ჯგუფმა 2020 წლის Breakthrough Prize მიიღო. ეს პრემია რვა წლის წინ დააფუძნა ინვესტორთა ჯგუფმა, რომელშიც შედიან „გუგლის“ დამფუძნებელი სერგეი ბრინი და „ფეისბუქის“ შემქმნელი მარკ ცუკერბერგი. ამ პრემიას ხშირად „მეცნიერების ოსკარს“ უწოდებენ.
მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის (EHT) ჯგუფი ერთობლივად მიიღებს 3 მილიონ აშშ დოლარს, თუმცა თანხა თანაბრად გაიყოფა 347 მეცნიერს შორის, რომელთაგან თითოეულს 8600$ შეხვდება.
რას ასახავს შავი ხვრელის ფოტო
აპრილში გამოქვეყნებულ სურათზე ჩანს ჩვენგან 54 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა მესიე 87-ის ცენტრში მოთავსებული სუპერმასიური შავი ხვრელი. ამ შავი ხვრელის მასა დაახლოებით 6,5 მილიარდი მზის მასას უდრის.
შავ ხვრელებს გარს აკრავს ერთგვარი საზღვარი, რომელსაც მოვლენათა ჰორიზონტს უწოდებენ. ეს გახლავთ რეგიონი შავი ხვრელის გარშემო, სადაც თავმოყრილია მასში მორევივით ჩამდინარე გახურებული მატერია, რომელიც წარმოქმნის მატერიითა და სინათლით გადატენილ წრიულ „ჩრდილს“.
მოვლენათა ჰორიზონტს გარეთ სუპერმასიურ შავ ხვრელს აქვს აკრეციის დისკო — ორბიტაზე ჩაჭედილი ცხელი გაზისა და მტვრის ღრუბლები. იმის გამო, რომ მეცნიერებს მეცნიერებს მოვლენათა ჰორიზონტს მიღმა შეხედვა არ შეუძლიათ, შესაძლებელია მხოლოდ ამ დისკოში არსებული გაზისა და მტვრის დაფიქსირება — მატერია გამოყოფს რადიოტალღებს, რომლებსაც უმძლავრესი ტლესკოპები იჭერენ.
სწორედ ეს ასახეს მეცნიერებმა შავი ხვრელის ფოტოზე.
სურათი 8 ტელესკოპის საშუალებით გადაიღეს
მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის მეცნიერთა ჯგუფი მსოფლიოს 20 ქვეყანაში, 60 სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუციაშია წარმოდგენილი.
ფოტოს გადასაღებად, მათ გამოიყენეს 8 რადიოტელესკოპი, რომლებიც განთავსებულია ანტარქტიდაზე, ჩილეში, მექსიკაში, ჰავაიზე, არიზონასა და ესპანეთში. ერთმანეთისგან ასე დაშორებულ ტელესკოპთა სინქრონიზაციისთვის ისინი ატომურ საათებს იყენებდნენ — უკიდურესად ზუსტ მოწყობილობებს, რომლებსაც წამის მემილიარდედების გაზომვაც კი შეუძლიათ.
მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის პროექტმა მონაცემთა შეგროვება 2006 წელს დაიწყო.
აპრილში გამოქვეყნებული ფოტო ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე დაკვირვებათა შედეგად მიიღეს.
„ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჯოჯოხეთის კარიბჭეს ვუყურებდე, სადაც სივრცე და დრო მთავრდება“, — აღნიშნავდა ფოტოს გამოქვეყნებისას ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.