შავ ზღვაში კიდევ ერთი ამერიკული სამხედრო გემი შევიდა. ხომალდმა სახელწოდებით Carney ბოსფორის სრუტე გაიარა და შავ ზღვაში მყოფ კიდევ ერთ ამერიკულ გემს Ross-ს შეუერთდა – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის მეექვსე ფლოტი ავრცელებს.
„Carney შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საზღვაო ოპერაციებში ჩაერთვება. გემი შავ ზღვაში წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით შევიდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვიცე-ადმირალ ქრისტოფერ გრედის თქმით, შავი ზღვა აშშ-ისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია, ხოლო აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების მობილურ გემებს შეუძლიათ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცვან აშშ-ის ინტერესები.
„შავ ზღვაში ამერიკული გემების ყოფნა ნათელი დემონსტრირებაა, რომ აშშ-ი რეგიონში სტაბილურობას და პარტნიორების საზღვაო ნავიგაციის უსაფრთხოებას უჭერს მხარს. ასევე, NATO-ს პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ერთგულია“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამხედრო გემი Carney აღჭურვილია ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა Aegis-ით, ასევე რაკეტებით Tomahawk და Harpoon, ასევე საჰაერო და წყალქვეშა თავდაცვითი სისტემებით. გემით ორი საბრძოლო ვერტმფრენის გადატანაც არის შესაძლებელი.