უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ათასობით ადამიანი დაიღუპა. კარგი დღე არც შავი ზღვის ბინადარ დელფინებსა და ზღვის ღორებს დაადგათ.
მეცნიერები, რომლებიც ამ რეგიონს სწავლობენ, იუწყებიან, რომ 2022 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში, უჩვეულოდ გაიზარდა დელფინებისა და ზღვის ღორების გამორიყვისა და მეთევზეთა მიერ შემთხვევით დაჭერის ფაქტები.
„2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა შავი ზღვის მთლიანი აუზი უზარმაზარი საფრთხის წინაშე დააყენა. წყალში და სანაპირო ზონებში მიმდინარე სამხედრო აქტივობები შეიძლება გავლენას ახდენდეს ამ რეგიონის ბიოტაზე, მათ შორის ვეშაპისნაირებზე“, — წერია შავი ზღვის ვეშაპისნაირების კონსერვაციის შეთანხმების (ACCOBAMS) მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში.
ACCOBAMS-ის მეცნიერებთან კონსულტაციის შემდეგ, ვეშაპებისა და დელფინების კონსერვაციის ბრიტანული ორგანიზაციის მკვლევრარი ერიკ ჰოიტი აცხადებს, რომ 700-ზე მეტი დელფინისა და ზღვის ღორის სიკვდილი აღირიცხა შავი ზღვის სანაპიროს ქვეყნებში, მათ შორის ბულგარეთში, რუმინეთში, თურქეთსა და უკრაინაში.
მკვლევრები ამ ცხოველთა დახოცვის მიზეზის გარკვევაზე მუშაობენ, მაგრამ მიმდინარე ომი მონაცემთა შეგროვებას და ნავებით დათვალიერებას ართულებს.
იყო ცნობები, რომ დელფინები სანაპიროზე ფიზიკური ტრავმებით გამოირიყნენ, მაგალითად, დამწვრობებით, რაც შეიძლება პირდაპირ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრის შედეგიც იყოს. წლის დასაწყისში, უკრაინის ტუზლის ლაგუნების ბუნების ეროვნული პარკის ხელმძღვანელი ივან რუსევი აღნიშნავდა, რომ სანაპიროზე გამორიყულ დელფინებს ბომბების ან მაღაროებისგან მიყენებული დამწვრობები ჰქონდათ, ზოგიერთი კი ისე გამოიყურებოდა, რომ ნავიგაცია არ შეეძლო ან რამდენიმე დღის უჭმელი იყო.
თუმცა, დელფინების გამორიყვა და შემთხვევით დაჭერის შემთხვევები შეიძლება ომთან დაკავშირებული მაღალი ხმაურის პირდაპირი შედეგი იყოს.
„დელფინები და ზღვის ღორები ბგერაზი არიან დამოკიდებული ნავიგაციისთვის, საკვების საპოვნელად, ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის. გემების მოძრაობის ზრდით გაზრდილ ხმაურს შეიძლება გარკვეული გავლენა ჰქონდეს, მაგრამ ზედაპირზე ან წყალქვეშ მომხდარმა აფეთქებებმა შეიძლება მათ გზა აუბნიოს, დაჭრას ან მოკლას რამდენიმე კილომეტრის რადიუსში; ასევე შეუძლია გამოიწვიოს სანაპიროზე გარიყვა“, — ამბობს ჰოიტი.
დელფინებს, ზღვის ღორებს და ვეშაპებს სმენის მწვავე შეგრძნება აქვთ და გარემოს გასარკვევად ექოლოკაციას იყენებენ.
გამოყოფენ მოკლე, პულსირებად, თითის გატკაცუნების მსგავს „კლიკებს“, რომლებიც წყალში გადაადგილდება, ვიდრე რაიმე ობიექტს შეხვდება და უკან, დელფინებისკენ აირეკლება.
უკან დაბრუნებული ბგერის ინტერპრეტირების, ამის საშუალებით საკვების გამოვლენისა და გარემოს აღქმის ეს უჩვეულო უნარი შეიძლება დაარღვიოს მაღალმა ხმებმა.
ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის დელფინები ასევე იყენებენ სტვენის მსგავს ბგერებს; დოკუმენტირებულია ერთმანეთთან მიმართვისთვის გამოყენებული ვერბალური ნიშნებიც, ანუ სახელები.
ამას გარდა, ბგერა წყალში უფრო შორს და დაახლოებით ოთხ-ნახევარჯერ სწრაფად გადაადგილდება, ვიდრე ჰაერში, რაც ზღვაში აფეთქებების ზემოქმედებას უფრო საზიანოს ხდის.
მეცნიერები გაზრდილი სიკვდილიანობის მიზეზთა გარკვევაზე მუშაობენ; ჰოიტის განცხადებით, ხმაურის მიერ ხელშეშლა შეიძლება იწვევდეს დელფინთა დეზორიენტაციას, ეს კი განაპირობებდეს ნაპირებზე გარიყვას ან მეთევზეთა ბადეში მოხვედრას.
კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ საომარი მოქმედებები ამ ძუძუმწოვრებს მშობლიური უკრაინის წყლების დატოვებას აიძულებს და საკვების ძებნაში მიჰყავს მათთვის უცხო ზონებში, სადაც მარტივად შეიძლება გაირიყონ ნაპირზე ან მეთევზეთა ბადეში მოხვდნენ.
სიტუაციას ასევე აუარესებს ის ფაქტიც, რომ როგორც ცნობილია, უკრაინის სანაპირო ზონები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დელფინებისა და ზღვის ღორების ზოგიერთი პოპულაციისთვის. სწორედ ასეთი ზონების გამოვლენაზე მუშაობს ორგანიზაცვია Marine Mammal Protected Areas Task Force.
დადგინდა, რომ მნიშვნელოვან ჰაბიტატს წარმოადგენს უკრაინის მიმდებარე რამდენიმე ზონა, რომელთაგან ზოგიერთში საბრძოლო მოქმედებებიც მიმდინარეობდა; მათ შორის არის ყირიმის ნახევარკუნძულის მიმდებარე ზონები, ქერჩის სრუტე, აზოვის ზღვა. ეს ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ ინტერაქტიულ რუკაზე.
ეს ზონები მნიშვნელოვან ჰაბიტატებად გამოვლინდა სამი ისეთი სახეობისთვის, რომლებისთვისაც ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირს (IUCN) საფრთხის ქვეშ მყოფის კლასიფიკაცია აქვს მინიჭებული. ესენია: შავი ზღვის ჩვეულებრივი დელფინი, შავი ზღვის ღორი და შავი ზღვის ბოთლცხვირა დელფინი.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.