შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმების ჩვენება შედგება
აზიაში, 15-25 ივნისს, შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება.
ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“. იგი საქართველოს, შვედეთისა და რუსეთის საერთო ნამუშევარია. ფილმის მსოფლიო პრემიერა შანხაიში 22 ივნისს შედგება.
ფილმების კვირეული Belt and Road Initiative ფესტივალის ფარგლებში არაერთ კინოჩვენებას უმასპინძლებს. მათ შორის იქნება თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „ჰორიზონტი“. ფილმის მსოფლიო პრემიერა შარშან ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალების წარმომადგენლებისთვის და დისტრიბუტორებისთვის კიდევ ერთი ქართული ფილმის „შინდისი“ ჩვენება შედგება. დიტო ცინცაძის ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებზეა.