შალვა თადუმაძე - სამართლებრივი განმარტება გავაკეთე დიპლომთან დაკავშირებით, თუ ვინმემ ვერ გაიგო, შეუძლია, გადაახვიოს
მე არ მოვითხოვ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რადგან ჩემს დიპლომს არ აქვს არანაირი სამართლებრივი პრობლემა და არც ჰქონია, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ პროკურორთა კონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა.
„მე სამართლებრივი განმარტება გავაკეთე დიპლომთან დაკავშირებით, პარლამენტმა, იუსტიციის საბჭომ კი, შეისწავლა აღნიშნული დოკუმენტი. თუ ვინმემ ვერ გაიგო ეს პასუხები, შეუძლია გადაახვიოს და თავიდან ნახოს.
საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ ყოფილა არასდროს ჩემს დიპლომთან დაკავშირებით, იმ ადამიანებს, რომლებიც წელიწადნახევარი ამ კითხვებს სვამენ, პასუხებს არ ისმენენ და ისევ სვამენ ამ კითხვებს, შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ“, – განაცხადა თადუმაძემ.