შალვა შავგულიძე - სულხან მოლაშვილს ჩემთვის არასდროს უთქვამს, მისი წამება ვინ განახორციელა
შალვა შავგულიძე - სულხან მოლაშვილს ჩემთვის არასდროს უთქვამს, მისი წამება ვინ განახორციელა

სულხან მოლაშვილის ინტერესებს მისი დაკავების პირველივე დღიდან ვიცავდი, მაგრამ მას ჩემთვის არასდროს უთქვამს, მისი წამება ვინ განახორციელა, – ამის შესახებ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საარჩევნო დებატები“ ოპონენტს, ლადო კახაძის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

ქართული-ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ლადო კახაძემ შალვა შავგულიძეს მიმართა, „ხომ იცოდი, სულხან მოლაშვილს ვინ აწამებდა, რატომ დგახარ იმ ადამიანებთან, რომელთა სახიდან სისხლი არასოდეს ჩამოიბანება“.

შავგულძის თქმით, სულხან მოლაშვილის წამების ფაქტზე წინა ხელისუფლების დროს გამოძიება დაიწყო, მაგრამ ვერ დადგინდა, ვისგან იქნა ნაწამები და ეს ფაქტი ვერც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დადგინდა.

„ნუ შეეცდებით, დამაბრალოთ ის, რაც არ არის. საქმე იმაშია, რომ სულხან მოლაშვილის ინტერესებს მისი დაკავების პირველივე დღიდან ვიცავდი, მაგრამ სულხანს ჩემთვის არასდროს უთქვამს, მისი წამება ვინ განახორციელა. ეს არასდროს უთქვამს. სულხან მოლაშვილს მე და ჩემი მეგობარი და კოლეგა, სოსო ბარათაშვილი ვიცავდით. მასთან ძალიან ხშირი ურთიერთობა და კომუნიკაცია გვქონდა, მაგრამ ჩემთვის და სოსოსთვის ეს არ უთქვამს. მისი წამების ფაქტი თუ არ ვცდები, ქალბატონმა ნანა კაკაბაძემ გაახმოვანა, როდესაც ციხეში ინახულა. რა თქმა უნდა, ის იყო ნაწამები, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის არ უთქვამს, მისი წამება ვინ განახორციელა, როგორ შეიძლება, თავისთვის უფლება მიმეცა და მეთქვა, რატომ არ მეუბნები, ეს ვინ გააკეთა და ა.შ-თქო?! ამ ხელისუფლებას უკვე შვიდი წელია აქვს დრო, რომ ჩაატაროს გამოძიება, მაგრამ ეტყობა, ეს ხელისუფლებაც ვერ ატარებს და ვერ ადგენს ამ ფაქტს“, – განაცხადა შავგულიძემ.