ექიმი მანანა ჯებაშვილი - სულხან მოლაშვილთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა ისე, რომ მან თვითონ მიიყენა დაზიანებები
ექიმი მანანა ჯებაშვილი - სულხან მოლაშვილთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა ისე, რომ მან თვითონ მიიყენა დაზიანებები

სულხან მოლაშვილთან არ ვყოფილვარ შესული, ვინაიდან მაშინ ინფორმაცია გავრცელდა ისე, რომ მან თვითონ მიიყენა დაზიანებები, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ექიმმა მანანა ჯებაშვილმა განაცხადა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.

აღნიშნული კომენტარით მანანა ჯებაშვილმა უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას: „სულხან მოლაშვილი იყო ნაწამები, ეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც არის ნახსენები და დამტკიცებულია, ამაზე აღარავინ დავობს, როდესაც იყავით საქართველოს პარლამენტის წევრი, ექიმი მანანა ჯებაშვილი მაშინ სად იყო, რატომ არ აკეთებდით ასეთ კრიტიკულ განცხადებებს?“.

მანანა ჯებაშვილის თქმით, მოლაშვილთან დაკავშირებით მაშინ სრულიად სხვა ინფორმაცია ჰქონდათ.

„მე მოლაშვილის, როგორც ასეთ, წამებას ნამდვილად არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ინფორმაცია ჩვენ სრულიად სხვა გვქონდა. სულხან მოლაშვილთან არ ვყოფილვარ შესული, ვინაიდან ინფორმაცია მაშინ გავრცელდა ისე, რომ მან თვითონ მიიყენა რაღაც დაზიანებები“, – განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.

კითხვაზე, სხვა ინფორმაცია არ მოგისმენიათ მაია ნიკოლეიშვილისგან, ნანა კაკაბაძისგან? მაშინ არ მოგისმენიათ ინფორმაცია, რომ ნაწამები იყო?, – მანანა ჯებაშვილის განმარტებით, ნიკოლეიშვილი და კაკაბაძე იყვნენ მხარე და მიიჩნევს, რომ მათ ინფორმაციაზე ცალსახად დაყრდნობა არ შეიძლებოდა.

„აუ, ისეთი ჩამომითვალეთ ახლა, მაია ნიკოლეიშვილი და ნანა კაკაბაძე იყვნენ მხარე, დაპირისპირებული, მოწინააღმდეგე, მტრულად განწყობილი, ვერაფრით დაგეთანხმებით ახლა მაგაში, რომ მათ ინფორმაციაზე დაყრდნობა შეიძლებოდა ცალსახად“, – განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.

რაც შეეხება შეკითვას, 2008 წელს ხომ გაიგეთ, რომ მოლაშვილი ნაწამები იყო, თუ 2008-შიც არ გაგიგიათ?, – მანანა ჯებაშვილი პასუხობს: „2008-ში მეტ-ნაკლებად გავრცელდა კი, რაღაც ეს ინფორმაცია გავიგე“.

ამასთან, გადაცემის წამყვანის კიდევ ერთ კითხვაზე, „2008 წელს, როცა თქვენ უკვე იყავით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, სულხან მოლაშვილი გაუშვით სადმე რეაბილიტაციაზე?“,  – მანანა ჯებაშვილმა განმარტა, რომ არ ახსოვს, სულხან მოლაშვილს რეაბილიტაციაზე მოთხოვნა ჰქონოდა.

„ითხოვდა სულხან მოლაშვილი რეაბილიტაციას და არ გავუშვით? არ მახსოვს, რომ მას რეაბილიტაციაზე მოთხოვნა ჰქონოდა. ნამდვილად ვერ დამიდებთ ვერსად მის მოთხოვნას რეაბილიტაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.