შალვა პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტის მონაწილეებს მიმართა - ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინელ მეგობრებს, რადგან ჩვენზე უკეთ არავინ იცის ომის ტკივილი, მშვიდობის ფასი
შალვა პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტის მონაწილეებს მიმართა - ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინელ მეგობრებს, რადგან ჩვენზე უკეთ არავინ იცის ომის ტკივილი, მშვიდობის ფასი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მესამე საპარლამენტო სამიტის მონაწილეებს მიმართა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველები ომის პირველივე დღიდან უკრაინელი მეგობრების გვერდით დგანან და ასეც გაგრძელდება, რადგან საქართველოს მოქალაქეებზე უკეთ არავინ იცის ომის ტკივილი და მშვიდობის ფასი.

„ორწელიწად-ნახევარზე მეტია, ჩვენ დამანგრეველი ომის მომსწრენი ვართ, ომის, რომელიც, არავის ეგონა, რომ ევროპაში ოდესმე განმეორდებოდა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბურმა ომმა ბევრი შოკში ჩააგდო. ჩვენ, ქართველები, ომის პირველივე დღიდან გვერდით ვუდგავართ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ასე გავაგრძელებთ, რადგან ჩვენზე უკეთ არავინ იცის ომის ტკივილი და მშვიდობის ფასი. უკრაინის საზარელი კონფლიქტი მრავალი ქვეყნისთვის განგაშის ზარი აღმოჩნდა, როდესაც ომი მათ მიუახლოვდათ და შეახსენა, რომ მშვიდობა ძვირფასი, განუყოფელია და, ამავდროულად, ძალიან მყიფე. ჩვენ ცეცხლის, არასტაბილურობისა და კონფლიქტის რკალში ვართ. ევროპა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მშვიდობისა და სტაბილურობის ნავსაყუდელი იყო, ახლა მსხვილმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის ცხელი წერტილია. ჩვენ გავაფრთხილეთ ჩვენი პარტნიორები, რომ საერთაშორისო სისტემამ, რომელმაც ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება საქართველოში და ახლა უკრაინაში, ვერ უზრუნველყო სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. გამოფხიზლებამ, რომელიც ომს მოჰყვა, უბიძგა ჩვენს ბევრ პარტნიორს, გადაეხედა მომავალში ასეთი დიდი ტრაგედიების თავიდან აცილების გზებისთვის. ჩვენ პირველებმა ვიცოდით, რას ნიშნავს გაყინული კონფლიქტები, რომლებიც დროებითი ზავის შედეგია.

ზავი არ უზრუნველყოფს მდგრად მშვიდობას. ამიტომ კონფლიქტის გაყინვა მშვიდობის სანდო გარანტიებს ვერ უზრუნველყოფს. კარგია, რომ ახლა ვეძებთ პრობლემების მომავალ გადაწყვეტებს და ეს გადაწყვეტები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან და მდგრად მშვიდობას. ეს გადაწყვეტები, ასევე, უნდა იყოს მხარდაჭერილი შესაბამისი საერთაშორისო სისტემის მიერ, რომელიც ასეთ მშვიდობას შესაძლებელს და ხანგრძლივს გახდის. ჩვენ, ჩვენი ზომისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ვიმუშაოთ უკეთესი მშვიდობისთვის, უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, რათა მძვინვარე ომის სამართლიანი გადაწყვეტა უზრუნველვყოთ. ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს ვუსურვებ სამართლიან მშვიდობას, იმ ყველაფრის საფუძვლიან და სწრაფ აღდგენას, რაც ომმა გაანადგურა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ონლაინმიმართვისას.

ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მესამე საპარლამენტო სამიტი რიგაში გაიმართა. ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა საერთაშორისო კონსულტაციისა და კოორდინაციის ფორმატია, რომელიც 2021 წელს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით დაარსდა. პლატფორმის მიზანია ყირიმისა და უკრაინის სხვა ტერიტორიების ოკუპაციაზე ეფექტური საერთაშორისო რეაგირების უზრუნველყოფა.