შალვა პაპუაშვილი - ვიხილეთ თავდასხმები მედიაზე, „კანვასის“ და სხვების ტრენინგებზე ნასწავლი მეთოდები, იქ გაღვივებული სიძულვილია, მათ შორის, მედიის წარმომდგენლების მიმართ
შალვა პაპუაშვილი - ვიხილეთ თავდასხმები მედიაზე, „კანვასის“ და სხვების ტრენინგებზე ნასწავლი მეთოდები, იქ გაღვივებული სიძულვილია, მათ შორის, მედიის წარმომდგენლების მიმართ

ვიხილეთ მედიაზე თავდასხმები. „კანვასის“ და სხვების ტრენინგებზე ნასწავლი მეთოდები, იქ გაღვივებული სიძულვილია, მათ შორის, მედიის წარმომდგენლების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ჟურნალისტებზე თავდასხმაც ნაწილია იმისა, რატომაც მნიშვნელოვანია დაფინანსების გამჭვირვალობა.

„რაც შეეხება „იმედის“ ჟურნალისტებზე თავდასხმას და სხვა ჟურნალისტებზეც, რაც ჩვენ ვნახეთ, ესეც ნაწილია იმისა, რატომაც მნიშვნელოვანია დაფინანსების გამჭვირვალობა. იმ „ენჯეოების“ მხრიდან, რომლებიც განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ, ვნახეთ თავდასხმები მედიაზე და ეს არის ე.წ. სამოქალაქო აქტივიზმი, რომელიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდება. ჩვენ ვნახეთ „კანვასის“ და სხვების ტრენინგები. აი, იქ ნასწავლი მეთოდები არის და იქ გაღვივებული სიძულვილი, მათ შორის, სხვადასხვა მედიის წარმომდგენლების მისამართით. თვითონ ეს მილიონერი „ენჯეოების“ ლიდერები რიყავენ მედიას. კომენტარზე უარს ეუბნებიან „იმედს“, ზოგიერთ სხვა ტელევიზიას, რომელიც მათთვის მიუღებელია. ამით აღვივებენ აგრესიას და შემდეგ უკვე ეს ჩამოდის ქვემოთ-ქვემოთ და ამ „ენჯეოს“ ჩვეულებრივი წევრი უკვე ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე ან აგრესიაზე გადადის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, გამოეხმაურონ ამ საკითხს ის დონორი ორგანიზაციები, რომელთა დაფინანსებული „ენჯეოებიც“ იყვნენ ამ აქციების ორგანიზატორები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და გაემიჯნონ ამ ყველაფერს. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვუყურებდით, რა ცუდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს უცხოურ გავლენას შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, რათა დეზინფორმაცია, სიმართლის დამალვა, აგრესია, ყველანაირი მანკიერი მომენტები გამოიყენონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.