შალვა პაპუაშვილი ვიზიტით გერმანიას ეწვევა
შალვა პაპუაშვილი ვიზიტით გერმანიას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ვიზიტით ეწვევა. ვიზიტი 29 ნოემბერს დაიწყება და 3 დეკემბრამდე გასტანს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ბერბელ ბასს და ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდება.

შეხვედრები გაიმართება ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბეკერთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რენატა ალტთან.

პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავენ ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან, ფრაქცია CDU-ს წევრებთან, მომხსენებლებთან ნატო-ს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით, ფრაქცია SPD-ს საგარეო პოლიტიკურ სპიკერთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან.

შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბუნდესტაგში ქართულ-გერმანული ფორუმის წევრებთან.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე.