შალვა პაპუაშვილი - ვიოლა ფონ კრამონი ზოგადად დაინტერესებულია საქართველოს საკითხებით, ქვეყანაში იმყოფება კერძო ვიზიტით და სურვილი გამოთქვა, შეგვხვედროდა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ზოგადად დაინტერესებულია საქართველოს საკითხებით, ქვეყანაში იმყოფება კერძო ვიზიტით და სურვილი გამოთქვა, შეგვხვედროდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იქნება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში მედიაციის მიზნით საქართველოში ჩამოსულ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით.
„ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ზოგადად დაინტერესებულია საქართველოს საკითხებით. საქართველოში იმყოფება კერძო ვიზიტით და სურვილი გამოთქვა, შეგვხვედროდა. იცით, რომ სულ ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ვიყავით. სამწუხაროდ, მაშინ ვერ მოვახერხეთ მასთან შეხვედრა და ვფიქრობ, კარგი შესაძლებლობაა, გავიცნო. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც იყო მედიაციის ნაწილში. რაც შეეხება ჩვენს სათქმელს, ჩვენ ვიყავით იმ პროცესში ყველაზე კონსტრუქციული. ვთქვით, რომ დოკუმენტს, რაც მედიატორმა წარმოადგინა, პრინციპულად ვეთანხმებოდით და მზად ვიყავით, გარკვეული დათქმებით, რაც ტექნიკური ხასიათის იყო, ხელი მოგვეწერა. სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა ეს დოკუმენტი პრინციპულად დაიწუნეს, კოჭლი დოკუმენტი უწოდეს კიდეც, დააყენეს მოთხოვნები და ამიტომ ჩაიშალა შედეგი. ჩვენ ვაპირებთ, დავრჩეთ კონსტრუქციული, გავახმოვანეთ კიდეც, რომ ვაპირებთ, ის რეფორმები მაინც განვახორციელოთ და იმ პარტიებსაც შევთავაზებთ, იყვნენ ამ ყველაფრის ნაწილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ „თბილისი მარიოტში“ შეხვედრებს მართავს. არსებული ინფორმაციით, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში შვებულებით, არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან შეხვედრები გამართა „ლელოს“ ლიდერებთან, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან, ასევე ყოფილ დეპუტატ თამარ ხულორდავასთან და მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერ ანა დოლიძესთან. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დღესვე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილთან.
ამასთან, ვიოლა ფონ კრამონმა შეხვედრები გუშინაც გამართა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის გარდა, შეხვედრები ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.