შალვა პაპუაშვილი - ვფიქრობ, „სამოქალაქო პლატფორმის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ, მეტ-ნაკლებად არის თანხმობა, რომ მოქალაქემ იცოდეს, რა ფინანსებით საქმიანობს არასამთავრობო სექტორი
შალვა პაპუაშვილი - ვფიქრობ, „სამოქალაქო პლატფორმის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ, მეტ-ნაკლებად არის თანხმობა, რომ მოქალაქემ იცოდეს, რა ფინანსებით საქმიანობს არასამთავრობო სექტორი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „სამოქალაქო პლატფორმის“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც შემდეგ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

„მიხარია, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაქვს პლატფორმასთან. შეხვედრაზე მოვისმინეთ მათი წუხილები ამ პროექტთან დაკავშირებით. გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეცვალა მოსაზრებები და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გადაგვემოწმებინა, გვაქვს თუ არა მსგავსი ინფორმაცია არსებულ სისტემასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ვფიქრობ, შევთანხმდით, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი. დისკუსიას როცა ვაკვირდები, არის მცდელობა, დაფარონ საკუთარი ფინანსური შემოსავლები. მათთვის მისაღები არ არის გამჭვირვალობის ნაწილი. არის თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ, კიდევ ერთხელ, ამ ლოგიკას რაც შეეხება, თუკი სუბიექტი ჩართული არის გადაწყვეტილების ფორმირებაში, რომელიც გავლენას ახდენს მოქალაქის ცხოვრებაზე, მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, თუ რა ფინანსური ინტერესები დგას ამ ორგანიზაციის უკან, ეს არის ლოგიკა. ვფიქრობ, ამ ლოგიკაში ვთანხმდებით. ძალიან ბევრი ითქვა, თითქოს დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი სისტემა, რომელიც ისედაც უზრუნველყოფს, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, თითქოს ყველა ასეთი ანგარიში და ასე შემდეგ, საჯაროდ შეუძლია, მოქალაქეს ნახოს, ეს არ არის სიმართლე. არ არსებობს დღეს ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თანაბრად გამჭვირვალე იყოს ორგანიზაციები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს არსებულ სისტემაში ნებაყოფლობით ხდება გამოქვეყნება, არიან ორგანიზაციები, რომლებიც აქვეყნებენ და არიან ორგანიზაციები, რომლებიც არ აქვეყნებენ.

„ვინც აქვეყნებენ, იქაც არის ორი ტიპის, ერთი, რომელიც დეტალიზებულია, მეორე – ნაკლებად. თვითრეგულაციაზე მიტოვება ამ საკითხის აჩვენებს, რომ გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი არ არის და ამ კუთხით ხარვეზიანია ჩვენი სისტემა. შესაბამისად, არის იდეა კანონპროექტთან დაკავშირებით – იცით, რომ ორი კანონპროექტია წარმოდგენილი განხილვაში – რომ მოხდეს ამ სისტემის, ამ ხარვეზის ამოვსება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მეტ-ნაკლებად არის თანხმობა, რომ მოქალაქემ იცოდეს, რა ფინანსებით ახორციელებს საქმიანობას არასამთავრობო სექტორი, ისევე როგორც იცის, რა ფინანსებით არის პარტია და საჯარო მოხელე.

„ვფიქრობ, ამაზე ვთანხმდებით. ასევე ვთანხმდებით, რომ არსებული სისტემა ხარვეზიანია და არ უზრუვნელყოფს ამას. თავისით ეს არ ხდება, შესაბამისად, საჭიროა რეგულაცია. ეს არის ის ნაწილი, სადაც არის დიდი უთანხმოება, რომ პროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, ამან შეიძლება, გამოიწვიოს სტიგმატიზება ამა თუ იმ ორგანიზაციის. გასაგებია ეს წუხილი. სტიგმატიზება არის ჩვენი პოლიტიკური დისკუსიის გამოწვევა. არაერთხელ მითქვამს და ამ წრეშიც ვისაუბრე ამაზე. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჯგუფები ამკვიდრებენ ისეთ სტიგმას, როგორიც არის კლანი, მაგალითად, როგორიც არის, სახელმწიფოს მიტაცება, რაც არის სტიგმა, ოლიგარქია არის სტიგმა, პოლარიზაციაც კი სტიგმაა. მე თუ მკითხავთ, ამ სტიგმებს აყალიბებენ სხვადასხვა აქტორები ჩვენს პოლიტიკურ დისკუსიაში, ამიტომაც ვფიქრობ და ვამბობ, რომ მესმის ეს წუხილი. შეიძლება, არსებობდეს წუხილი, სტიგმატიზება ხომ არ მოხდება, მაგრამ ესეც არის, ამასაც უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ სტიგმის შემოქმედები არიან ხშირად ის ადამიანები, რომლებიც ახლა ჩივიან, რომ შეიძლება, თავად გახდნენ სტიგმის ობიექტები. საბოლოო ჯამში, რომ შევაჯამო, ამ შეხვედრაზე წუხილები მოვისმინე. ჩვენი შეხვედრა არ ემსახურება რაღაც შეთანხმებებს და გადაწყვეტილების მიღებებს, ეს ემსახურება სამუშაო გარემოში საგნობრივად საკითხებზე მსჯელობას და მათი წუხილები გასაგებია, პარლამენტსა და უმრავლესობასაც მოვახსენებ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.