შალვა პაპუაშვილი - შეიძლება მსჯელობა, ორი თუ სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერია ჩვენი ქვეყნისთვის უფრო შესაბამისი, მნიშვნელოვანია, მეორე მოსმენის დროსაც საკითხზე პარტიებს შორის თანხმობა იყოს
შალვა პაპუაშვილი - შეიძლება მსჯელობა, ორი თუ სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერია ჩვენი ქვეყნისთვის უფრო შესაბამისი, მნიშვნელოვანია, მეორე მოსმენის დროსაც საკითხზე პარტიებს შორის თანხმობა იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები  მიღებულია ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმების საფუძველზე.

პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ მეორე მოსმენის დროსაც, როდესაც ცალკეული დებულებების განხილვა დეტალურად მოხდება, კოლეგები ერთმანეთის აზრს გაითვალისწინებენ და კონსენსუსი მიიღწევა.

„ყველა პარტია შევთანხმდით, პირველი მოსმენით მივიღეთ კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი და სწორედ ამ პროექტმა დაადგინა ძირითადი პრინციპული საკითხები. ჩვენ შევთანხმდით, რომ 2024 წლის და ზოგადად მომავალი ორი არჩევნები უფრო დაბალი ბარიერით ჩატარდეს, ვიდრე ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. ორი პროცენტი არის ის, რაც პირველი მოსმენით მივიღეთ. საყოველთაო სახალხო განხილვის დროს საუბარი იყო, რა იქნებოდა უფრო უპრიანი – ორი თუ სამპროცენტიანი ბარიერი. ეს პრინციპული საკითხი არ არის, რომელიც შეიძლება, ჩვენთვის გადამწყვეტი იყოს. თუმცა მეორე მოსმენა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ დეტალური განხილვა იყოს ცალკეული დებულებების. მთავარია, ჩვენ შევთანხმდით, რომ იყოს ხუთ პროცენტზე დაბალი ბარიერი და ყველა ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, მივიღეთ კონსენსუსით, ვინაიდან 113 ხმაა საჭირო კონსტიტუციის ცვლილებებისთვის და კოლეგები ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, მეორე მოსმენის დროსაც იგივე კონსენსუსი იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საარჩევნო ბარიერის ხუთიდან ორ პროცენტამდე შემცირების საკითხზე საუბრისას პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში საარჩევნო ბარიერი სამიდან ხუთ პროცენტამდეა.

მისივე თქმით, შესაძლოა, საარჩევნო ბარიერის სამ პროცენტამდე შემცირებაზე იმსჯელონ, თუმცა როგორც პაპუაშვილი ამბობს, ერთ პროცენტს პრინციპული, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და უფრო მნიშვნელოვანია, პარტიებს შორის თანხმობა იყოს.

„ზოგადად, ევროკავშირში ყველაზე გავრცელებული არის ხუთპროცენტიანი ბარიერი. ვინაიდან ხუთ პროცენტს მივიჩნევთ, რომ შესაძლოა, ეს იყოს მაღალი და ვსაუბრობთ უფრო დაბალ პროცენტზე, ძირითადად არის ხოლმე სამი პროცენტი. სულ ორი ქვეყანაა, სადაც არის ორი ან უფრო დაბალი პროცენტი. კერძოდ, ორი პროცენტია დანიაში და ბუნებრივი ბარიერი ჰოლანდიაში. სხვა დანარჩენ ქვეყნებში არის სამიდან ხუთ პროცენტამდე. რა არის ჩვენი ქვეყნისთვის უფრო შესაბამისი – ამაზე მსჯელობა რა თქმა უნდა, შეიძლება. აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებული, რადიკალური პოზიციები არ მგონია, არსებობდეს. ნაწილი ორ პროცენტზე საუბრობს, ნაწილი – სამზე. 2020 წლის არჩევნები 3-პროცენტიანი ბარიერის პირობებში რომ ჩატარებულიყო, ექვსი პარტია მიიღებდა მანდატს, რაც საკმაოდ პლურალისტულ პარლამენტს გულისხმობს. ორპროცენტიანი ბარიერის შემთხვევაში, მხოლოდ ერთი პარტია დაემატებოდა, ანუ 7 პარტია იქნებოდა. ამ ერთ პროცენტს პრინციპული, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და უფრო მნიშვნელოვანია, თანხმობა იყოს პარტიებს შორის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 7 სექტემბერს პირველი მოსმენით მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბარიერი ხუთიდან ორ პროცენტამდე მცირდება. იცვლება ფრაქციების დაკომპლექტების წესი და მას შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის.

პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი. ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ.

ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.