შალვა პაპუაშვილი - საკითხში ჩახედულმა ადამიანებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლა არ ხდება, მოსახლეობა ელოდება, რომ უკრაინა სანქციებს მოუხსნის ადამიანებს, რომლებსაც ტყუილი დააბრალა
ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ, რომ საქართველოს თავისი ისტორიით, გამოცდილებით, ომებით, რომლებიც ჰქონდა, თავის სამართლებელი საერთოდ არავისთან აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, სანქციების აღსრულების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-სა და ბრიტანეთის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტისა და მათი განცხადებების შემდეგ, უკრაინამ სანქცირებულთა სიიდან უნდა ამოიღოს საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც დღემდე ჰყავს სანქცირებული.
„საქართველოსთან ასე მოპყრობა, დამოკიდებულება თავისთავად უკვე არის არასწორი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე რეაქციები გვაქვს. დღეს ვსაუბრობთ სანქციებზე. გუშინ ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ამ საკითხში ყველაზე ჩახედული ადამიანები იყვნენ ჩამოსული და ყველამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქ არანაირი სანქციისთვის გვერდის ავლა არ ხდება. გახსოვთ, რომ დღესაც უკრაინას ასეთი ბრალდებებით დასანქცირებული ჰყავს, თუ არ ვცდები, ჩვენი რამდენიმე მოქალაქე. ამის შემდეგ თქვენ და ჩვენი მოსახლეობა, მგონი, ელოდება, რომ უკრაინა სანქციებიდან ამოიღებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ტყუილად დააბრალა, თითქოს მათი მეშვეობით ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.