შალვა პაპუაშვილი - სახალხო დამცველის კანდიდატი უპირველეს ყოვლისა, სწორედ იმ ძალისთვის უნდა იყოს მისაღები, რომელსაც მოსახლეობის მხრიდან უმრავლესობის მანდატი აქვს მინიჭებული
შალვა პაპუაშვილი - სახალხო დამცველის კანდიდატი უპირველეს ყოვლისა, სწორედ იმ ძალისთვის უნდა იყოს მისაღები, რომელსაც მოსახლეობის მხრიდან უმრავლესობის მანდატი აქვს მინიჭებული

სახალხო დამცველის კანდიდატი უპირველეს ყოვლისა, სწორედ იმ ძალისთვის უნდა იყოს მისაღები, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის მხრიდან უმრავლესობის მანდატი აქვს მინიჭებული, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„არასწორია განწყობა, თითქოს უნდა იყოს სახალხო დამცველის კანდიდატი, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია, ან დისკომფორტულია და ა.შ. თუ კანდიდატი ვინმესთვის უნდა იყოს მისაღები, უპირველეს ყოვლისა, სწორედ იმ ძალისთვის უნდა იყოს მისაღები, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის მხრიდან უმრავლესობის მანდატი აქვს მინიჭებული. ეს ხომ დემოკრატიის ანა-ბანაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად ღიად აცხადებს, რომ ეს არ უნდა იყოს ადამიანი, ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ბარიკადებიდან ესაუბრება.

„ანუ, ის არ უნდა იყოს პოლიტიკური აქტივისტი. თავისი არსით სახალხო დამცველი არის პარლამენტის მანდატით აღჭურვილი ინსტიტუტი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული, მას აბარებს ანგარიშს და ასე ვთქვათ, მისი თვალები და დამხმარეა, რომ პარლამენტმა სხვადასხვა სფეროს კონტროლი შეძლოს, როგორ ხდება ადამიანის უფლებების დაცვა. ანუ, ეს ჩვენი ინსტრუმენტია, პარლამენტის და ხომ არ შეიძლება, ეს იყოს რაღაც ანტაგონისტური ინსტიტუტი პარლამენტის მიმართ?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხმა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქართველი ხალხის მხრიდან უმრავლესობის მანდატი ამ ძალას აქვს მინიჭებული და ოპოზიციამ ეს უნდა გააცნობიეროს, რომ წარმოდგენილი უნდა იქნას ისეთი კანდიდატი, რომელიც ყველასთვის თანაბრად მისაღები იქნება.

„ოპოზიციამ ასე არ უნდა შეხედოს, რომ ეს უნდა იყოს კანდიდატი, რომელზეც „ქართულ ოცნებას“ აიძულებს, რამენაირად დაითანხმოს, ანუ მისი კანდიდატი იქნება, ოპოზიციის, როგორც ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩათვალა, რომ ეს უნდა იყოს მათი კანდიდატი. რატომ უნდა იყოს მათი კანდიდატი, ხალხისგან რა მანდატი აქვთ? ეს მანდატი დღეს აქვს პარლამენტს, მათ შორის, უმცირესობასაც და უმრავლესობასაც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ლეგიტიმაცია მათ ოფისს არ სცილდება, 24 ივნისს ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებაში მონაწილეობას ითხოვდნენ, რაც მისი თქმით, აბსურდია.

„სწორედ ეს არის არაფორმალური მმართველობა, როდესაც რამდენიმე ენჯეო ამბობს, რომ მთავრობა რომ დაკომპლექტდება, მათ უნდა გადაწყვიტონ, ვინ იყოს იუსტიციის მინისტრი, ვინ ფინანსთა მინისტრი და ა.შ. ეს ამბიცია აქვთ ორგანიზაციებს, რომელთა ლეგიტიმაცია მათ ოფისს არ სცილდება; მთელი მათი ლეგიტიმაცია არის 20-30 ადამიანი, რომელიც მათ ოფისში მუშაობს და ამის საპირწონედ დგას მაგალითად, „ქართული ოცნება“, რომელსაც მილიონი ამომრჩეველი უჭერს მხარს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.