შალვა პაპუაშვილი - ორკესტრირებული კამპანიაა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რომლითაც არათანაბარი გარემო იქმნება, იმედი მაქვს, საერთაშორისო დამკვირვებლები მაინც ასახავენ ამას დასკვნებში
შალვა პაპუაშვილი - ორკესტრირებული კამპანიაა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რომლითაც არათანაბარი გარემო იქმნება, იმედი მაქვს, საერთაშორისო დამკვირვებლები მაინც ასახავენ ამას დასკვნებში

ორკესტრირებული კამპანიაა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მედიას და ე.წ. ადგილობრივი დამკვირვებლების ჯგუფს პირი აქვთ შეკრული ოპოზიციასთან ერთად, რათა არათანაბარი პირობები შექმნან „ქართული ოცნებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა რამდენიმე მედიასაშუალების, კერძოდ, მთავარი არხის“, „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უარს ამბობენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.

პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ამ ყველაფერს საკუთარ დასკვნებში ასახავენ.

„აბსოლუტურად გასული არიან სამართლებრივი შეფასებების ჩარჩოდან. როგორც ტელევიზიებმა, ისე, რაც უფრო სკანდალურია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც იჩემებენ, რომ მიუკერძოებელი დამკვირვებლები არიან, საკუთარი მოსაზრებები დააფუძნეს არა საქართველოს კანონმდებლობას, არამედ უცხო ქვეყნის ელჩის გამონათქვამს. გარდა იმისა, რომ ეს აჩვენებს მდგომარეობის აბსურდულობას, მიგვითითებს იმაზე, რა უნდა ამ ჯგუფს, ოპოზიციას და „ენჯეოებს“, საბოლოო ჯამში, როგორი საქართველო წარმოუდგენიათ. მათ წარმოუდგენიათ არა ისეთი საქართველო, სადაც ქართული კანონმდებლობით იმოქმედებენ, არამედ საქართველო, სადაც უცხო ქვეყნის ელჩის სიტყვა არის კანონი, ეს არის მათი იდეალი ვასალური სახელმწიფოსი, რომელიც არა თავისი ხალხის ლეგიტიმაციით მიღებული კანონებით მოქმედებს, არამედ მისთვის კანონია უცხოელის სიტყვა. ასე რომ, ეს ორკესტრირებული კამპანიაა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რომლითაც არათანაბარი, არასამართლიანი გარემო იქმნება „ქართული ოცნებისთვის“. იმედი მაქვს, საერთაშორისო დამკვირვებლები მაინც ასახავენ ამ ყველფერს საკუთარ დასკვნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.