შალვა პაპუაშვილი - ახლა ყველას ამოცანა უნდა იყოს ერთიანობა, რომ დავარწმუნოთ ევროკავშირი სტატუსის მონიჭებაში და არა პირიქით, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი დაკავებულია გადარწმუნებით
შეხვედრაზე ამ პარტიის სხვა წარმომადგენელი იჯდა და სხვანაირად საუბრობდა, არ ვიცი, შიგნით პარტიაში გაერკვნენ. ზოგადად, ოპოზიციის მხრიდან დასავლელი პარტნიორების მიმართ თავდასხმებს ჩვენ მიჩვეული ვართ, ამიტომ ასეთი რაღაცები გასაკვირი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს სალომე სამადაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც სამადაშვილი აღნიშნავს: „ევროკომისარმა თავი აარიდა დეოლიგარქიზაციის შესახებ კითხვაზე პასუხს, რადგან არ სურდა კონკრეტული პირის, თუ პირების დასახელება, რეალობას მოწყვეტილია საუბარი, რომ ის საქმის კურსში არ არის. ოლივერ ვარჰეი ევროკომისიაში წარდგენილია ორბანის პარტიის მიერ, გარკვეულად შეზღუდულია საკუთარ მანდატში, რეალობა კი დღეს ასეთია, რომ ორბანი არის პუტინის მთავარი მოკავშირე“.
„ისეთი დაწვრილმანება ხდება ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში, იმდენად ჩაკეტილი არიან თავის პარტიულ დღის წესრიგში, რომელიც პარტიულიც აღარ არის, უბრალოდ არის ძალაუფლების წყურვილის დღის წესრიგი. იმდენად ჩაკეტილი არიან ამ ვიწრო, არაპატრიოტულ მიზნებში, რომ ვერ ხედავენ იმ დიდ სურათს, რომელიც უნდა დაინახონ და ეს იყო ევროკომისრის მთავარი გზავნილი, რომ დავინახოთ დიდი სურათი, რაც დღეს ჩანს, ის პერსპექტივა, რომელიც საქართველოს გაუჩნდა სწორედ ამ ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, დღეს ყველას მთავარი ამოცანა უნდა იყოს ერთიანობა.
„ნამდვილად თუ ფიქრობენ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, საჯაროდ ხომ ყველა ამას ამბობს, მაშინ ახლა ყველას მთავარი ამოცანა უნდა იყოს ერთიანობა, რომ დავარწმუნოთ ევროკავშირი, მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და არა პირიქით, რამენაირად გადავარწმუნოთ. სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი დღეს დაკავებულია გადარწმუნებით, მათ შორის ამ შეხვედრაზეც ზოგიერთი დაკავებული იყო გადარწმუნებით, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, ასე პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ თემები, რაზეც ისინი საუბრობენ, არის გადარწმუნების ტაქტიკა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.