სალომე სამადაშვილი - ოლივერ ვარჰეი ევროკომისიაში წარდგენილია ორბანის პარტიის მიერ, გარკვეულად შეზღუდულია საკუთარ მანდატში, რეალობა კი დღეს ასეთია, რომ ორბანი არის პუტინის მთავარი მოკავშირე
სალომე სამადაშვილი - ოლივერ ვარჰეი ევროკომისიაში წარდგენილია ორბანის პარტიის მიერ, გარკვეულად შეზღუდულია საკუთარ მანდატში, რეალობა კი დღეს ასეთია, რომ ორბანი არის პუტინის მთავარი მოკავშირე

ევროკომისარმა თავი აარიდა ამ კითხვაზე პასუხს, რადგან არ სურდა კონკრეტული პირის, თუ პირების დასახელება, რეალობას ძალიან მოწყვეტილია საუბარი, რომ ის საქმის კურსში არ არის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელმაც „ტვ პირველის“ ეთერში უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის როდესაც ჰკითხეს, ვის ეხება დეოლიგარქიზაციაზე რეკომენდაცია, მან თქვა – თქვენ ფიქრობთ, ასე კარგად ვიცნობ და კარგად ვიცი საქართველოს პოლიტიკისა და პოლიტიკოსების შესახებ? რა შეიძლება გააკეთოს ოპოზიციამ, საკმარისია, რასაც ოპოზიცია აკეთებს, თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე ინფორმირებულობის კუთხით?“.

სამადაშვილის თქმით, ოლივერ ვარჰეი არის უნგრეთის წარმომადგენელი, ევროკომისიაში ორბანის პარტიის მიერაა წარდგენილი და გარკვეულად შეზღუდულია საკუთარ მანდატში.

„არ უნდა ვიყოთ ასეთი მიამიტები, რომ მივიღოთ პასუხი, რომელიც ევროკომისარმა გასცა იმ პასუხად, რომელიც არის რეალობა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ მან თავი აარიდა ამ კითხვაზე პასუხს, სწორედ იმიტომ, რომ არ სურდა დასახელება კონკრეტული პირის, თუ კონკრეტული პირების. ეს არის რეალობა, რომ მან თავი აარიდა ამ პასუხს. საუბარი, რომ ის საქმის კურსში არ არის, რეალობას ძალიან მოწყვეტილია. უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ევროპელ პოლიტიკოსს, ყველა ევროპელ ჩინოვნიკს ასევე აქვს საკუთარი პოლიტიკური წარმომავლობა, პოლიტიკური მომავალიც. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ევროკომისარზე, რომელიც არის უნგრეთის წარმომადგენელი, ევროკომისიაში ამ პოსტზე ორბანის პარტიის მიერ წარდგენილი და შესაბამისად, ის გარკვეულად შეზღუდულია საკუთარ მანდატში, მათ შორის საკუთარი პოლიტიკური აფილაციით. რეალობა დღეს ასეთია – ორბანი არის რუსეთის მთავარი მოკავშირე, პუტინის მთავარი მოკავშირე და თუ ვსაუბრობთ ევროპაში გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებზე, ორბანი არის ერთადერთი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ, როგორც ჩანს, ნორმალური განწყობა აქვს. გარდა იმისა, რომ ორბანი აქტიურად ცდილობს, ხელი შეუშალოს პუტინის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს, როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული კავშირები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.