შალვა პაპუაშვილი - მიჭირს ისეთი დღის გახსენება, როდესაც სააკაშვილთან მნახველები არ იყვნენ, დეპუტატებისთვის მსჯავრდებულის მონახულების არანაირი პრობლემა არ არის
საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დეპუტატებისთვის მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მონახულების არანაირი პრობლემა არ არის. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში მნახველები ყოველდღიურად შედიან.
პაპუაშვილმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი დეპუტატის ნონა მამულაშვილის იმ განცხადების შეფასებისას, სადაც ამბობს, რომ კახა კუჭავას მიმართავს, მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შესვლის უფლება მისცეს.
„საზოგადოება ხედავს, რომ დეპუტატებისთვის მსჯავრდებულის მონახულების არანაირი პრობლემა არ არის. მიხეილ სააკაშვილთან მნახველები – ექიმი, ადვოკატი, პარლამენტის წევრები არიან ყოველდღე. ისეთი დღის გახსენება მიჭირს, როცა მასთან მნახველები არ იყვნენ, ეს ყველაფერი სპეკულაციაა. თუ სააკაშვილის ციხეში მონახულების პრობლემა პარლამენტის წევრებიდან არავის აქვს და ვიღაც ამბობს, რომ ეს არის პრობლემა, ე.ი. რაღაც პრობლემა ამ ადამიანშია. „ნაციონალური მოძრაობისგან“ ტყუილები არ გვიკვირს. პატიმართან პარლამენტის წევრის სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლა პარლამენტის თავმჯდომარის გადასაწყვეტი საკითხია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.