შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” და „ევროპული საქართველო” შეთანხმების ჩამშლელები იყვნენ, დარწმუნებული ვარ, დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ
დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” და „ევროპული საქართველო” ის ძალები იყვნენ, რომლებიც შეთანხმებას პირდაპირ შლიდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე დადასტურდა, რომ მათი ერთადერთი გზაა რადიკალიზაცია.
„ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან არაერთხელ მკაფიოდ მოვისმინეთ, რომ თანამშრომლობა და პარლამენტში ერთად მუშაობა, სტაბილურობა არის ევროპული გზა, ხოლო შუღლი და გახლეჩილობა, რადიკალიზმი, ქუჩაში კარვების გაშლა, არის რუსული გზა. იმის ნაცვლად, რომ პარლამენტში იყვნენ, თუ ქუჩას არჩევენ, ეს არ არის ევროპული და დემოკრატიული გზა იმ გაგებით, რასაც ჰქვია პარლამენტის გამოყენება საკუთარი დღის წესრიგის გასატარებლად.
გუშინ ორი რამ ვიხილეთ – დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” და „ევროპული საქართველო” ის ძალები იყვნენ, რომლებიც შეთანხმებას პირდაპირ შლიდნენ. ეს კიდევ ერთხელ ჩემი თვალით ვნახე შეხვედრაზე, როცა ევროკავშირის ელჩმა იკითხა, ეს არის დოკუმენტი, ვინ აწერს ხელს და თუ არ აწერს, რატომ – არა. ამ ორი პარტიის წარმომადგენლების პირდაპირი უარი მოვისმინეთ თანხმობაზე. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი იყვნენ შეთანხმების ჩამშლელები, რასაც დიდი ხანია, ვამბობ. ასევე დაადასტურეს, რომ მათი ერთადერთი გზაა – რადიკალიზაცია. დარწმუნებული ვარ, ისინი ხელს არ მოაწერენ. ორი გზა აქვთ – ან უნდა აღიარონ საკუთარი მარცხი, რომ მათმა რადიკალურმა დღის წესრიგმა ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვა, ყველა გზა ჩაეკეტათ, რომ შეთანხმება ჩაეშალათ, ან უნდა აღიარონ საკუთარი მარცხი, დოკუმენტს ხელი მოაწერონ და შემოვიდნენ. ან კიდევ მარგინალური პარტიები ხდებიან, რომელთაც არც ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ხმის გამცემი არავინ ჰყავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გუშინ პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა გაფორმდა.
„ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერები არ გაკეთებულა.