„ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერები არ გაკეთებულა
„ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერები არ გაკეთებულა

ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გაიმართა.

დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით დოკუმენტზე ხელმოწერები არ გაკეთებულა.

შალვა ნათელაშვილი ბოლო პერიოდში მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. დავით ბაქრაძემ და სალომე სამადაშვილმა კი ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დოკუმენტს არ უერთდებიან.

ხელმოწერის ცერემონიას პარტიების წარმომადგენლებთან და პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი, ასევე ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა შარლ მიშელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.