შალვა პაპუაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძის ოთხწლიანი პოლიტიკური თაღლითობა გუშინ პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დასრულდა
შალვა პაპუაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძის ოთხწლიანი პოლიტიკური თაღლითობა გუშინ პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დასრულდა

მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და მათმა კომპანიამ, ფაქტობრივად, რვა წელი დააკარგვინეს სახელმწიფოს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძის ოთხწლიანი პოლიტიკური თაღლითობა გუშინ პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დასრულდა.

„ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და მათმა კომპანიამ, ფაქტობრივად, რვა წელი დააკარგვინეს სახელმწიფოს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით; ოთხი წელი ხელშეკრულების გაფორმებიდან, როდესაც ისინი, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებდნენ და ვერ შეძლეს პროექტის განხორციელება, და შემდეგი ოთხი წელი, 2020 წლიდან მოყოლებული, როდესაც მათ წამოიწყეს დავა საქართველოს წინააღმდეგ. ეს დავა გარკვეულ ტვირთად იყო ჩამოკიდებული სახელმწიფოზე. დღეს იუსტიციის მინისტრმაც აღნიშნა – მილიარდ-ნახევარი დოლარი, რასაც ისინი მაშინ ითხოვდნენ, ეს იყო ბიუჯეტის მეოთხედი და ამ ხალხს სურს, წარმოაჩინოს, თითქოს ისინი ხალხზე ზრუნავენ და პოლიტიკაში ამ კრედოთი არიან, რომ ბიუჯეტის მეოთხედს ითხოვდნენ საკუთარ ანგარიშებზე დასასმელად. რაც შეეხება თავად პროცესს, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ამ ბიზნესსაკითხიდან შექმნეს პოლიტიკური საკითხი და ეს იყო მიზეზი, საბაბი მათი პოლიტიკაში წასვლისა, რომელიც დღეს გამოეცალათ საერთოდ და ეს გარკვეულწილად ზიანს აყენებდა საქართველოს იმიჯს გარეთაც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარტია „ლელო”, თავად ხაზარაძე და ჯაფარიძე, რომლებიც სისხლის სამართლის წესით, თაღლითად ცნობილი ადამიანები არიან, აქტიურობენ საერთაშორისო ასპარეზზე და ხშირად არიან მიღებული სტუმრები სხვადასხვა დიპლომატიურ შეხვედრაზე.

„სისხლის სამართლის წესით თაღლითად ცნობილ ადამიანებს ადამიანები ართმევენ ხელს, მათ პოლიტიკურ მოსაზრებებს ისმენენ და დისკუსიებში მონაწილეობას იღებენ ხოლმე. სულ ახლახან ვნახეთ ერთი ასეთი ღონისძიება ჩატარებული, სადაც ერთადერთი პარტია იყო სწორედ წარმოდგენილი -„ლელო”. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ყველაფრის უკან, რა თქმა უნდა, ბიზნესინტერესებთან ერთად, პოლიტიკური ინტერესებიც იდგა, ანაკლიას რაც შეეხება, და ამ ინტერესების გატარებას ცდილობდნენ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და მთლიანად პარტია „ლელო”. საბოლოოდ დადასტურდა, თუ რა არის ამ პარტიის კრედო, რომ თაღლითობა, ეს იყო არა მხოლოდ ის ერთეული შემთხვევა, რომელიც გამოაშკარავდა და სასამართლოს მიერ იქნა კიდევაც ამასთან დაკავშირებით განაჩენი გამოტანილი, არამედ პოლიტიკური თაღლითობა იყო. ბოლო ოთხი წელი, როდესაც, ერთი მხრივ, რაღაც მამულიშვილური პოზიციები ეჭირათ თითქოს, და „ლელოს” პათეტიკა, ზოგადად, მათი საუბრის სტილი ყველასთვის ცნობილია, აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ოთხწლიანი პოლიტიკური თაღლითობა, რომელიც გუშინ პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დასრულდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.