შალვა პაპუაშვილი - გვჭირდება, რომ სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ რეკომენდაციების შესრულების პროცესის არა ჩასაფრებული კრიტიკოსები, არამედ გულშემატკივრები
ჩვენ გვჭირდება, რომ სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ არა ჩასაფრებული კრიტიკოსები, არამედ გულშემატკივრები რეკომენდაციების შესრულების პროცესის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ისინი თუ გააცნობიერებენ, რომ ეს არის საერთო ამოცანა, წარმატება გარდაუვალი იქნება.
„დღეს გვქონდა მსჯელობა რეკომენდაციების შესრულების შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას ტემპებს თუ ავიღებთ, ვნახავთ, რომ ერთნაირია. იქაც ორი-სამი რეკომენდაცია ჩაითვალა შესრულებულად. სხვა რეკომენდაციებში არის მნიშვნელოვანი პრინციპული წინსვლა. რაც მთავარია, არასამთავრობო სექტორმაც აღნიშნა, რომ აქამდე, ივნისამდე არსებული მდგომარეობისგან განსხვავებით, ამ შუალედური ანგარიშით უკვე შეგვიძლია, შევიქმნათ კონკრეტულ წარმოდგენად, რა მოლოდინები აქვს ევროკავშირს. ჩვენ ამ მხრივ კომუნიკაციაში ვართ ევროკავშირთან, რათა ეს მოლოდინები ერთმანეთს დაემთხვეს. ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო. დღესაც მოვისმინეთ იდეები, ამ იდეებზე გვექნება მსჯელობა. საქართველო კიდევ ერთხელ, როგორც შარშან, ივნისში იყო პირნათელი ქართველი ხალხისა და ევროკავშირის წინაშე, როგორც ლიდერი ქვეყანა „ტრიოში“, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო მაშინ დაიჩაგრა, წელსაც იქნება პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე. მთავარია, არ დავიჩაგროთ უსამართლო გადაწყვეტილებით. ჩვენ როგორც ვიყავით ლიდერი, ასევე ვრჩებით ლიდერად, არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, არამედ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, რომელსაც დეკემბერში მიენიჭა სტატუსი. მთავარია ემოციების გარეშე საკითხებზე მუშაობა, მათ შორის, მნიშვნელოვანია, და რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი სამოქალაქო საზოგადოებასთან, ახლა ქართველ ხალხს სჭირდება გულშემატკივრობა ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ. ჩვენ გვჭირდება, რომ სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ არა ჩასაფრებული კრიტიკოსები, არამედ გულშემატკივრები ამ პროცესის. თუკი ისინიც გააცნობიერებენ, რომ ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა, მაშინ, რა თქმა უნდა, წარმატება გარდაუვალი იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.