შალვა პაპუაშვილი - ევროკომისიის სამოქმედო გეგმა, რა თქმა უნდა, გასაჯაროვდება, ეს უწყებათაშორისი კომისიის პრეროგატივაა, ფარული სამოქმედო გეგმით ქვეყანა არ იმუშავებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის გამოქვეყნება უწყებათაშორისი კომისიის პრეროგატივაა. მისივე თქმით, ფარული სამოქმედო გეგმით ქვეყანა არ იმუშავებს.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილია ცხრა რეკომენდაცია და არა – დათქმა.
„არ ვიცი, რატომ ხდება დათქმის, როგორც ტერმინის შემოტანა. ეს არსად არაა ნახსენები. არის ცხრა რეკომენდაცია, ნაბიჯი. უწყებათაშორისი კომისია ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით არის შექმნილი, რომელშიც მონაწილეობს როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა უწყება. იქ მოხდა შემუშავება სამოქმედო გეგმის, რომელიც დამტკიცდა. ევროკავშირის ელჩმაც განაცხადა, რომ გეგმის შედგენა და დამტკიცება ევროკომისიასთან მჭიდრო კომუნიკაციით მოხდა. რა თქმა უნდა, გასაჯაროვდება, უწყებათაშორისი კომისიის პრეროგატივაა, რომ ის გაასაჯაროოს. ფარული სამუშაო სამოქმედო გეგმით ქვეყანა არ იმუშავებს. სამოქმედო გეგმაში გაწერილი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი გახლავთ ცვლილება პარტიების დაფინანსების საკითხში, რომელიც ევროკომისიასთან არის შეთანხმებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, რეკომენდაციების შესრულება, პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
„უპირველესად ყოვლისა, ხელისუფლების, მთავრობის პრეროგატივა, პასუხისმგებლობაა რეკომენდაციების შესრულება, ამაზე მუშაობა, ევროკომისიასთან კოორდინირება. სწორედ ამიტომაც, პასუხისმგებლობით იღებს ამ სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რეკომენდაციების შესასრულოებლად სამუშაო პროცესში ჩართვის სურვილი ვისაც ექნება, კარი ყველასთვის ღიაა.
„რა თქმა უნდა, ოპოზიცია მოწვეულია, რათა დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას პროცესში. ვინმეს თუ სურს, დაეხმაროს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულებაში, ყველასთვის კარი ღიაა. როგორც 12 რეკომენდაციის შესრულებისას ვნახეთ წარმატება, ევროკომისიის დასკვნა და ველოდებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას, ასევე წარმატებულად განახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ცხრა რეკომენდაციას. ერთადერთი, რისიც გვეშინია და რისკები არსებობს, არის ის, რომ კვლავ ვნახავთ ოპოზიციას და რამდენიმე აქტივისტურ ჯგუფს, რომლებიც ხელს შეუშლიან რეკომენდაციების შესრულებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ ისევე წარმატებით შეძლოს ხელშეშლის არიდება, როგორც ეს 12 რეკომენდაციის შესრულების დროს მოხდა. ოპონენტებს ვურჩევ, მეტი დრო დაუთმონ კითხვას, წაიკითხონ საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე ჭარბი ზემოქმედების თავიდან აცილების სამოქმედო გეგმა.
სამოქმედო გეგმა და იდეა გახლავთ ვენეციის კომისიის მიერ რეკომენდებული მიდგომა, სისტემური მიდგომა და გადმოტანილია შვიდი მიმართულება, რომელიც დაასახელა ვენეციის კომისიამ. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში წერია პარტიების დაფინანსება, რეკომენდაციაში წერია, რომ იურიდიული პირების დაფინანსების აკრძალვა არის რეკომენდებული. ჩვენ ამ ნაბიჯებს მივყვებით. ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, მათ შერჩევითი ევროპა მოსწონთ თუ ობიექტურად მიჰყვებიან საკითხს. ხან მოსწონთ რეკომენდაციები, ხან არ მოსწონთ. რაც შეეხება პროცესს ჭარბი ზეგავლენის შეზღუდვის შესახებ, ეს არის მრავალწახნაგოვანი, მრავალგანზომილებიანი და მრავალსექტორული მიდგომა, რომელიც გაწერილია სამოქმედო გეგმაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.