შალვა პაპუაშვილი - ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე ვენეციის კომისიისგან მივიღეთ პასუხი, რომ ვერ შეძლებენ დასკვნის მომზადებას, ვინაიდან ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი ან კანონი
შალვა პაპუაშვილი - ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე ვენეციის კომისიისგან მივიღეთ პასუხი, რომ ვერ შეძლებენ დასკვნის მომზადებას, ვინაიდან ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი ან კანონი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებზე ვენეციის კომისიისგან დასკვნას კვირის ბოლოს ელოდებიან, დანარჩენ პროექტებზე კი, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში მიიღებენ.

რაც შეეხება ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, როგორც შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ვენეციის კომისიისგან მიიღეს პასუხი, რომ ამ საკითხზე დასკვნის მომზადებას ვერ შეძლებენ, რადგან ის არ არის სამართლებრივი დოკუმენტი ან კანონი.

„იცით, რომ გარკვეული პროექტები, ასევე კანონები გავუგზავნეთ ვენეციის კომისიას. მათგან გვაქვს პასუხი. რაც შეეხება შეფასებების განრიგს, კერძოდ, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებაზე, რომელიც დღეს ბიუროზე გამოდის და უკვე კომიტეტი დაიწყებს განხილვას, ამაზე პასუხი იქნება. მიმდინარეობს დასკვნის მომზადება მანამდე მიღებულ ცვლილებებზე. ვენეციის კომისია დასკვნაში ახალ ცვლილებებსაც გაითვალისწინებს. კვირის ბოლოს იქნება ვენეციის კომისიის სხდომა და დასკვნას წარმოგვიდგენს. შესაბამისად, მომავალი კვირიდან დაიწყება ამ ცვლილების საკომიტეტო განხილვები და ვენეციის კომისიის დასკვნასთან ერთად გვექნება განხილვის შესაძლებლობა.

გარდა ამისა, იცით, რომ გაგზავნილია საარჩევნო კოდექსში ცვლილება, ასევე ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებული დებულებები, პერსონალურ მონაცემთა სამსახურთან და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებით დებულებები. ამ საკითხებზე ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ დასკვნის მოსამზადებლად მეტი დრო დასჭირდება. ამიტომ მოსალოდნელია, რომ დასკვნა იქნება დეკემბრის დასაწყისში. როგორც წესი, ამ დროს იმართება ხოლმე ვენეციის კომისიის სხდომა. ე.ი. საერთო სასამართლოების შესახებ დასკვნა იქნება კვირის ბოლოს, დანარჩენ პროექტებზე, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში.

რაც შეეხება ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, ევროპული კომისიის რჩევითა და თხოვნით,  ისიც გავაგზავნეთ. ვამბობდით კიდეც, რომ ცოტა უცნაური იყო, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისთვის დასკვნა გვეთხოვა და ასეც მოხდა. პასუხი მივიღეთ ვენეციის კომისიისგან, რომ ვინაიდან ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი ან კანონი, ისინი ვერ შეძლებენ საკითხზე დასკვნის მომზადებას. სხვათა შორის, ჩვენ მაშინ ვთქვით კიდეც, რომ იგივე თხოვნა იყო მოლდოვის მიმართ, რომელმაც ასევე გეგმა გააგზავნა ვენეციის კომისიაში. ახლა ვიყავი დუბლინში, ევროსაბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე, მათ შორის ჩემს კოლეგებთანაც მქონდა კომუნიკაცია, მოლდოველ კოლეგებთანაც და, როგორც ჩანს, იქაც სამოქმედო გეგმაზე ვენეციის კომისიის დასკვნა არ იქნება. ასეთი ვითარება გვაქვს ამ პროექტებთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.