შალვა პაპუაშვილი - ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო, მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა
შალვა პაპუაშვილი - ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო, მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა

მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც დამტკიცდა ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ, იმ გრაფიკით, თემებითა და ნაბიჯებით ვმოქმედებთ, რაც იქ არის გაწერილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო. მათ შორის, პირველი შედეგებიც დეკემბერში იყო, როგორც გახსოვთ, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც გამომდინარეობდა ვენეციის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობილი დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმიდან, მივიღეთ გასულ წელს, დეკემბერში, სადაც, სამწუხაროდ, ოპოზიციამ, მიუხედავად იმისა, რომ დახურულ კარს მიღმა ეთანხმებოდნენ ამ ცვლილებას, შემდეგ უკვე საჯაროდ და ასევე, სხდომათა დარბაზში მხარი არ დაუჭირა. კიდევ ერთხელ, ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით მუშაობა და შედეგები დაიწყო დეკემბრიდან. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ჩვენ მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც დამტკიცდა ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ. ზუსტად იმ გრაფიკით, თემებითა და ნაბიჯებით ვმოქმედებთ, რაც იქ არის გაწერილი. მათ შორის, იცით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ევროკომისიასთანაც იყო კომუნიკაცია და ასე იქნა დამტკიცებული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს შეხვედრა შედგება სწორედ იმ სამუშაო ფორმატში, რომელზეც მმართველი გუნდი საუბრობდა, რომელშიც როგორც ოპოზიცია, ისე სამოქალაქო სექტორი იქნება ჩართული.

„ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც ცხრა ნაბიჯიდან გამომდინარეობს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ვფოკუსირდებით იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაშია, ვინაიდან იცით, რომ ცხრა ნაბიჯიდან, განსხვავებით 12 რეკომენდაციისგან, მხოლოდ ნაწილი არის ისეთი საკითხი, რომელიც პარლამენტის კომპეტენციაა კანონშემოქმედებით ნაწილში, ხოლო დიდი ნაწილი პრაქტიკასთან არის  დაკავშირებული, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება. ისევე როგორც 12 ნაბიჯთან დაკავშირებით, დღესაც ეს არის ისეთი ფორმატი, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი იდეები, მოსაზრებები, პოზიციები დააფიქსიროს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური განცხადებებისა და ინსტრუმენტების მიერთების მაჩვენებელს, ეს უფრო სამთავრობო კომპეტენციაა.

„იცით, რომ სამოქმედო გეგმაშიც გაწერილია ის ნაბიჯები, რომელიც ამ მხრივ გადაიდგმება. სხვათა შორის, ამ მხრივ უკვე კარგი სტატისტიკა აქვს საქართველოს, მათ შორის მიერთებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, აქ, იცით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო კურირებს ამ საკითხს, ინსტიტუციურ ნაწილს. ზოგადად, დეზინფორმაცია, იცით, რომ ისედაც არის ჩვენი ყურადღების ცენტრში და ამას ისედაც ყოველდღიურად ჩვენი განცხადებებით ვებრძვით. სხვა დანარჩენი საკითხები, როგორც მოგახსენეთ, როგორც დეპოლარიზაცია იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პარლამენტში თანამშრომლობას, ისე სასამართლო რეფორმის საკითხები, საარჩევნო საკითხები, ანტიკორუფციული და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საკითხები, ყველა ამ საკითხს განვიხილავთ დღეს სხდომაზე“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.