შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია ალბათ გულში მაინც ტაშს გვიკრავს, რადგან აქვთ საშუალება, პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეთ
შეთანხმებაზე თამარ კორძაიას ხელი არ მოუწერია და მისი განმარტება მოვისმინეთ, ხათუნა სამნიძემ დოკუმენტს მოაწერა. ანუ, „რესპუბლიკური პარტია“ ორად გაყოფილი და გახლეჩილია, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება რამდენიმე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვას, ამასთან დაკავშირებით პაპუაშვილი აცხადებს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, სასამართლოს მიმართოს და ნებისმიერ დროს მისი საკითხი განხილული იყოს.
საკითხზე საუბრისას პაპუაშვილმა ერთ-ერთ მოსარჩელეზე, ზურაბ ჯაფარიძეზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მიზეზად დაასახელა, რომ ჯაფარიძე თანმიმდევრული არ არის.
„შევეცდები, ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით კომენტარი არ გავაკეთო, რადგან თანმიმდევრული არ არის. ყველა ადამიანს აქვს უფლება, სასამართლოს მიმართოს და ნებისმიერ დროს მისი საკითხი განხილული იყოს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება. ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვართ. გადაწყვეტილება ისეთი იქნება, რომ ჩვენი პოზიცია დადასტურდება. მაშინ, ვნახეთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას მთელი მსოფლიო ტაშს გვიკრავდა და ალბათ, ოპოზიცია გულში მაინც ტაშს გვიკრავს, რადგან თავის დროზე ეს გადაწყვეტილება არ მივიღეთ და მათ აქვთ საშუალება, ამ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი წარმოადგინონ. მაშინ, პარლამენტი სწორად მოიქცა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქმის „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.
დავის საგანია „ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის“, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიასთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობა.