შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები ვენეციის კომისიის დასკვნაში დადებითად არის შეფასებული, რეკომენდაციები კი ტექნიკური ხასიათისაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები ვენეციის კომისიის დასკვნაში დადებითად არის შეფასებული.
რაც შეეხება სამ რეკომენდაციას, პაპუაშვილის თქმით, ისინი ტექნიკური ხასიათისაა. აქვე, პაპუაშვილი ორ რეკომენდაციასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კანონი მას ისედაც ითვალისწინებს.
„ცვლილებებში აისახა ვენეციის კომისიის შარშანდელი რეკომენდაციები. ასევე, ამ რეკომენდაციების გათვალისწინება იყო 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი. ამიტომ, ამ კანონის მიღებით, ამ კუთხით შეთანხმების ეს პუნქტი შესრულებულია.
ვენეციის კომისიის დასკვნაში, რაც დღეს ვნახეთ, დადებითად არის შეფასებული ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა კანონში. არის სამი რეკომენდაცია, თუმცა ტექნიკური ხასიათისაა. აქედან ორი კანონით ისედაც არის გათვალისწინებული. ერთი კი, სავარაუდოდ, შეიძლება, კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდეს.
პირველი შენიშვნა შეეხება იმას, რომ შეჩერდეს პროცესი, როდესაც გასაჩივრებულია უზენაესი სასმართლოს შესაბამის პალატაში. ეს კანონში გათვალისწინებულია და შესაძლებელია, ვენეციის კომისიას ეს მომენტი გამორჩა. მეორე საკითხი შეეხება იმას, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის რა პროცესიც ახლა მიმდინარეობს. რჩევის ხასიათისა, უმჯობესი ხომ არ იქნებოდა ხელახლა დაწყება. აქ ერთი გარემოებაა – ცვლილებები, რაც ჩვენ მივიღეთ, ეხება საბოლოო შეფასების პროცესს, სადამდეც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჯერ მისული არ არის,ინტერვიუების ეტაპზეა.
ჩვენ ისიც კი დავუშვით, რომ ახალი, დამატებითი განაცხადებიც მიიღო კანდიდატებისგან. ეს ნაწილიც არარელევანტურია, ვინაიდან ის ცვლილებები, რომელიც მივიღეთ, მიმდინარე პროცესს არ ეხება. ვენეციის კომისია თანაბრობაზე როდესაც საუბრობს, თანაბრობა უზრუნველყოფილია, ვინაიდან ცვლილებები ინტერვიუების პროცესს არ ეხება.
მესამე რეკომენდაცია შეეხებოდა საკითხს, როდესაც გასაჩივრებულია გადაწყვეტილება და შემდეგ, ის ადამიანი, რომლის შეფასებაც სასამართლოს მხრიდან დახარვეზდა, მონაწილეობას უნდა იღებდეს თუ არა შემდეგ განხილვაში. საქმე იმაშია, რომ იმ შემთხევევაში, თუ საქმე გვაქვს უხეშ დარღვევასთან, ისედაც არის საფუძველი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს შეუჩერდეს უფლებამოსილება. სხვა შემთხვევაში, ისედაც გვაქვს ჩანაწერი ინტერესთა კინფლიქტთან დაკავშირებით. ასე რომ, აქ დამატებითი რეგულაცია საჭირო არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.