ვენეციის კომისია - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე საკანონმდებლო შესწორებები მისასალმებელია, თუმცა გაუმჯობესება საჭიროა გასაჩივრების არსებითი უფლებისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად
ვენეციის კომისია - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე საკანონმდებლო შესწორებები მისასალმებელია, თუმცა გაუმჯობესება საჭიროა გასაჩივრების არსებითი უფლებისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად

ვენეციის კომისია დასკვნას აქვეყნებს, სადაც მიესალმება საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს, რომლებიც მის რამდენიმე წინა რეკომენდაციას ითვალისწინებს.

კომისიაში აცხადებენ, რომ ამის მიუხედავად, არსებობს გარკვეული შეუსრულებელი რეკომენდაციები, რომლებიც უნდა იყო გათვალისწინებული კანონმდებლობის უფრო მეტი სიცხადის, გამჭვირვალობისა და ყველა კანდიდატისადმი სამართლიანი მოპყრობის უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება კანდიდატების სიის შედგენას და ხმის მიცემას, ვენეციის კომისიამ შეაქო შესწორებები კანიდატებისადმი თანაბარი მოპყრობის პრინციპის ცალსახად ხსენებისთვის, სიაში მხოლოდ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების შეყვანისთვის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხმის უფლების მქონე წევრების იდენტიფიცირებისთვის.

„ხმის მიცემა, როგორც ასეთი, არის არასრულყოფილი მექანიზმი, რადგან რთულია ხმის მიცემის პროცედურაზე დააფუძნო კანდიდატის დამსახურების მიხედვით ეფექტიანი დანიშვნა, თუმცა, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ახლა წარმოდგენილი გამჭვირვალობის დონე გასაჩივრების პროცესთან ერთად გარკვეულ წილად ამ საკითხს უნდა დაეხმაროს“, – ნათქვამია დასკვნაში.

რაც შეეხება გასაჩივრების მექანიზმს, ვენეციის კომისია მიესალმება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ახლა ღიაა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრებისთვის.

„თუმცა, ვენეციის კომისია იმეორებს თავის წინა რეკომენდაციას, განხილულ იქნას ცვლილების შეტანა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში, რომელიც მიიღებს ახალ (მეორე) გადაწყვეტილებას იმავე კანდიდატთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც მოხდება უზენაესი სასამართლოს პალატაში გასაჩივრება. ამას გარდა, დანიშვნის პროცედურა უნდა შეჩერდეს, ვიდრე პალატა გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას“, – ნათქვამია დასკვნაში.

ასევე, დასკვნაში ნათქვამია, რომ არსებული ვითარება, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას სურს, შეინარჩუნოს მიმდინარე კონკურენცია, რომლის დროსაც პირველადი ინტერვიუები უკვე ჩატარდა ძველი წესების თანახმად და ახალ ინტერვიუები ახალი წესებით დარეგულირდება, „მოითხოვს დიდ სიფრთხილეს, რადგან ეს დიდ შეშფოთებას იწვევს კანდიდატთა თანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებით“.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, კანდიდატებთან თანაბარი დამოკიდებულების უზრუნველსაყოფად შეიძლება შერჩევის პროცედურის განახლება.

„დასკვნა მოითხოვა 2021 წლის 8 აპრილს საქართველოს პარლამენტის სპიკერმა. იგი მომზადდა სწრაფი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ და განხორციელდა ევროსაბჭოს მიერ მათი „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ II ეტაპის ფარგლებში“, – ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისიის განცხადებით, აღნიშნული რეკომენდაციები გაცემულია გასაჩივრების არსებითი უფლების უზრუნველსაყოფად.

დატოვე კომენტარი