შალვა ოგბაიძე - ავარია ადამიანისთვის არ უნდა გახდეს დამამძიმებელი და ახალი ტრაგედიის დასაწყისი
ავარია ადამიანისთვის არ უნდა გახდეს დამამძიმებელი და ახალი ტრაგედიის დასაწყისი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ პრეზიდენტმა, შალვა ოგბაიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მეტადრე, ისეთი ადამიანებისთვის, ვინც ავტომობილი კრედიტით შეიძინა. ერთია, თავისი ავტომობილი რომ დააზიანა და მეორე ის, რომ ამ ავტომობილით ზიანი მიაყენა აბსოლუტურად უცნობ, უდანაშაულო ადამიანს, ჯანმრთელობა მოუშალა და ხანდახან, ადამიანი კვდება კიდეც. იწყება ტრაგედიის მეორე ეტაპი. ასეთი შემთხვევისთვის თანხა არავის არ აქვს დალაგებული და ვიღაცამ უნდა იზრუნოს“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
მისი თქმით, საჭესთან მჯდომი მთვრალი ადამიანის გამო დაზარალებული ადამიანის მკურნალობა და ზიანის მიყენება ჩვენი ჯიბიდან ხდება, რაც არასწორია.
„ეს არ უნდა მოხდეს. ღმერთმა არავის დააჭირვოს, მაგრამ ფაქტია, ამ თანხას საყოველთაო დაზღვევა ფარავს, ეს თანხა კი, თითოეული ჩვენგანის ჯიბიდან ამოღებული თანხაა. აუცილებელია, ადამიანმა, რომელიც საჭეს მიუჯდება, გაითვალისწინოს არსებული სტატისტიკა და თავისი პასუხისმგებლობა აიღოს“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირმა დაზღვევაში ჩართვაზე უარი განაცხადა, შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, რომ თუ მძღოლმა სადაზღვევო პოლისი არ იყიდა, ეს კანონის შეუსრულებლობად ითვლება და ის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.
როგორც „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ პრეზიდენტმა აღნიშნა, წარმოდგენილი კანონპროექტის ძალიან დიდი ხარვეზია კომუნიკაცია, რადგან მოქალაქეებმა არ იციან, რა დაზღვევაზეა საუბარი.
„ტაქსის მძღოლმა მკითხა, რატომ მაიძულებ, ჩემი მანქანა დავაზღვიოო. აი, ამ შეკითხვაში დევს მთელი ამ პროცესის ყველაზე დიდი ხარვეზი. ესე იგი, ადამიანს გონია, რომ უნდა თუ არა, საკუთარი ავტომობილი უნდა დააზღვიოს. ამ დროს, მანქანა შენია და გინდ დააზღვევ გინდ არა. აქ საუბარია პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, რომ ადამიანი, ვინც დაზარალდება, დაცული იყოს“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.