სემეკ-ის წინააღმდეგ შალვა ნათელაშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
სემეკ-ის წინააღმდეგ შალვა ნათელაშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის სარჩელი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. სარჩელი ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდას ეხებოდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია.

სასამართლოს განჩინების მიხედვით, მოსარჩელე მიუთითებდა ტარიფის გაზრდაზე ობიექტური საჭიროების გარეშე, თუმცა ამ თვალსაზრისით კონკრეტული მტკიცებულებები წარდგენილი არ ჰქონდა.

„მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდის ობიექტური აუცილებლობის არსებობის შემთხვევაშიც, ქვეყნის მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან უნდა მომხდარიყო აღნიშნული აუცილებლობით გამოწვეული ფინანსური ტვირთის სუბსიდირება. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ტარიფის დადგენით, სახელმწიფო, მომხმარებელთა დაცვის მიზნით არეგულირებს ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობებს. ამ ფორმით ტარიფის რეგულირების მიზანია, განსაზღვროს მაქსიმალური ზღვრული ფასი, რომლის ანაზღაურებაც შეიძლება მოითხოვოს მომსახურების გამწევმა სუბიექტმა ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ. ამდენად, სადავო ნორმები ემსახურება ბუნებრივი გაზის ტარიფების დამტკიცებას და ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფში ფასნამატის ოდენობის განსაზღვრას და მათი რეგულირების სფერო შემოიფარგლება აღნიშნული საკითხის მოწესრიგებით“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.

მოქალაქეებმა – შალვა ნათელაშვილმა და გიორგი გიუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბერს მიმართეს.