შალვა ნათელაშვილი - ვამზადებთ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, გერმანიიდან გადმორიცხული ხუთი მილიარდი კომპენსაცია ომში დაღუპულთა შთამომავლებზე გადანაწილდება
„ლეიბორისტული პარტია“ ამზადებს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, ხუთი მილიარდი გერმანიიდან გადმორიცხული კომპენსაცია გადანაწილდება ომში დაღუპულთა შთამომავლებზე, მონაწილეთა ოჯახის წევრებსა და მემკვიდრეებზე, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მეორე მსოფლიო ომში ევროპისა და გერმანიის ნაციზმისგან გასათავისუფლებლად საქართველომ გაიღო მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით ყველაზე დიდი მსხვერპლი.
ნათელაშვილის განცხადებით, „ოთხმილიონიანი ჩვენი ხალხის დაღუპულთა რაოდენობა უტოლდება 100 მილიონიან ბრიტანეთს“.
„ამ ფონზე მივიღეთ კარტოფილის სათხრელად გერმანიაში მუშაობა და იქიდან სამარცხვინო დეპორტი, მაშინ, როდესაც გერმანიის მთავრობა დღემდე აგრძელებს მილიარდიანი კომპენსაციების გადახდას დაზარალებულებისთვის. სულ ახლახანს საბერძნეთმა 289 მილიარდი მოსთხოვა ამ ქვეყნის ხელისუფლებას. აღარ არის საუბარი ისრაელზე, საფრანგეთზე, დანიაზე, ნორვეგიაზე, ყაზახეთზე, ბელარუსზე. ყველას აუნაზღაურეს კომპენსაცია ჩვენს გარდა. „ლეიბორისტული პარტია“ ამზადებს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, ხუთი მილიარდი გერმანიიდან გადმორიცხული კომპენსაცია გადანაწილდება ომში დაღუპულთა შთამომავლებზე, მონაწილეთა ოჯახის წევრებზე და მემკვიდრეებზე, „კონცლაგერებში“ მყოფ პირებზე, ან სხვაგვარად დაზარალებულ სუბიექტებზე. ჩვენ ამ კანონს აუცილებლად, ყველა ვარიანტში მივიღებთ მივიღებთ. იმ მინიმუმს მაინც, რაც ეკუთვნოდა ჩვენს ხალხს გაღებული უდიდესი მსხვერპლის გამო.
თქვენ წარმოიდგინეთ, იქ რომ არ დაგვღუპოდა ნახევარი მილიონი მაწარმოებელი, ულამაზესი, უმაგრესი ახალგაზრდა, დღეს საქართველო იქნებოდა მინიმუმ 10-12 მილიონიანი და თამარის საქართველოს მიუახლოვდებოდა. აი, რა ზარალი გვაქვს მიღებული. სამწუხაროდ, ჩვენ და ჩვენი ხელისუფლება სდუმს ისე, როგორც ილიამ დაწერა თავის ცნობილ ლექსში „ყოვლის მთმენი, ვით ჯორ-ცხენიო“. ჯორ-ცხენების პერიოდი უნდა დამთავრდეს“,- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.