შალვა ნათელაშვილი - ულტიმატუმს ვუყენებ საკოორდინაციო საბჭოს, გააუქმონ ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსთაველზე უნდა დავუძახოთ ხალხს
ხვალ იკრიბება საკოორდინაციო საბჭო, კატეგორიულად მოვითხოვ და ულტიმატუმს ვუყენებ, გააუქმონ ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა ყველგან, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრანსპორტზე შეზღუდვას რუსთაველზე ხალხთან ერთად გააპროტესტებენ.
„ნუ გამოკეტეთ ხალხი ბინებში და ნუ შეყარეთ პატარა ავტომობილებში, სადაც კოვიდის გავრცელებისათვის ყველა ხელსაყრელი პირობაა. ჯერ არავის გაუგია ავტობუსში და ვაგონში გადადებული კოვიდი. მოვუწოდებ ყველა კომპანიას, გახდნენ თანამოსარჩლეები საქალაქო სასამართლოში შეტანილი ჩვენი სარჩელისა ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნასთან დაკავშირებით. თუ ეს ულტიმატუმი არ შესრულდება, საქალაქო ტრანსპორტი თუ არ გაიხსნება, რუსთაველზე უნდა დაუძახოთ ხალხს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.