კახა კალაძე - წერეთლის გამზირზე ხვალიდან ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი, დაპირება შესრულებულია
კახა კალაძე - წერეთლის გამზირზე ხვალიდან ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი, დაპირება შესრულებულია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ხვალიდან სრულად აღდგება და ტრანსპორტის თავისუფლად გადაადგილება იქნება შესაძლებელი.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა.

„დასრულებულია სამუშაოები საგზაო ნაწილში, დაპირება შესრულებულია. ხვალ გვექნება შესაძლებლობა, მივიდეთ ადგილზე, დავათვალიეროთ. ხვალიდან უკვე ორმხრივად, თავისუფლად გადაადგილება იქნება შესაძლებელი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა კომპანიას, თითოეულ მუშას, ვინც დღე და ღამის განმავლობაში შრომობდა. მადლობა ჩემს თანამშრომლებს და განსაკუთრებული მადლობა იქ მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში იტანდნენ ხმაურს, ტალახს. რთული და მძიმე იყო ამ პირობებში ცხოვრება, თუმცა ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება სხვანაირად შეუძლებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, წერეთლის გამზირზე სამუშაოები მთლიანად მარტში დასრულდება.

„მთლიანად სამუშაოებს რაც შეეხება, მხედველობაში მაქვს ტროტუარები, დახაზვითი სამუშაოები, გამწვანება, განათებები, ნარჩენების ურნების მოწყობა, გაჩერებების მოპირკეთება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მარტისთვის იქნება დასრულებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.