შალვა ნათელაშვილი უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვს
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. პარტიის ლიდერი მოითხოვს, უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი გაუქმდეს.
ნათელაშვილის თქმით, ამ გზით სახელმწიფო საკუთარ ხალხს უკანონო პატიმრობაში უშვებს, რაც დისკრიმინაციაა.
„ვაი მთავრობამ არნახული კანონი დააწესა, რომლის მიხედვითაც, უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე თავსდება საპატიმრო კარცერში ორი კვირით, ხოლო უცხოელი შემოდის თავისუფლად. ამგვარი დისკრიმინაცია და სეგრეგაცია, მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე კაცთმოძულე პრაქტიკას არ აწყობს და არ ახსოვს. დღეს ჩვენ შევიტანეთ სარჩელი საქალაქო სასამართლოში და ვითხოვთ მთავრობის ამ სრულიად უკანონო დადგენილების დაუყოვნებლივ შეჩერებას. თუ მოსამართლე უარს იტყვის, შეაჩეროს უკანონო პატიმრობის თაობაზე ადამიანთა მიმართ გამოყენებული ამ ნორმის შეჩერება, 31 ოქტომბრის შემდეგ ეს მოსამართლე ადგილზე არ იქნება. მე გპირდებით, მათ შორის გაიწმინდება ეს შენობა ივანიშვილ, მიროტაძე-მურუსიძის მოსამართლეებისგან.
ორი მიზანი აქვს ხელისუფლებას, პირველი – მოახდინოს მასობრივი ფსიქოზი არჩევნების წინ, გადააქციოს ხალხთა საპატიმროდ ჩვენი ქვეყანა, მეორე – პირადი ბიზნესი. მოგეხსენებათ, სასტუმროები გახლავთ მათი და მაგ ბანდის კუთვნილება. როდესაც ხალხს წაიყვანენ უკანონო პატიმრობაში, ამ სასტუმროებს ერიცხებათ ასეული მილიონი ჩვენი ბიუჯეტიდან იმ მოტივით, რომ მოახდინონ კარანტინში მყოფი პირების სამჯერადი კვება და ზღაპრული პირობების შექმნა. როდესაც მატლიან მაკარონებს და გაფუჭებულ ყველს აჭმევენ, დიდი საფრთხეა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან ეპიდემია დადგეს და მართლა მოხდეს რაიმე ინფექციის გავრცელება, ისეთი საშინელი საკვებით კვებავენ მათ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.