შალვა ნათელაშვილი - სპეცრაზმი ჩვენზე ნუ გამოსცდის თავის სიმაგრეს, მათ უნდა დაყარონ თავიანთი ეკიპირება და შეუერთდნენ ხალხს
სპეცრაზმი ჩვენზე ნუ გამოსცდის თავის სიმაგრეს, მათ უნდა დაყარონ თავიანთი ეკიპირება და შეუერთდნენ ხალხს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სპეცრაზმის გაწვრთნაში ფული იმიტომ იხარჯება, რომ მტრებს შეეწინააღმდეგოს და არა იმიტომ, რომ ოპოზიცია დაარბიოს.
„სპეცრაზმი ასეთი მაგარი თუ არის და იმედია რომ არის, ჩვენზე ნუ გამოსცდის თავიანთ სიმაგრეს, ტატუნაშვილის გამტაცებლები ჩამოიყვანონ, ოთხოზორიას მკვლელები გადმოიყვანონ გალიდან, ყოველ შაბათს რომ გალში ქეიფობენ ნათლობებსა და ქორწილებზე, ისინი გადმოიყვანონ და ამით დაგვიმტკიცონ. ჩვენ მათ იმიტომ კი არ ვწვრთნით, ვიხარჯებით და გადასახადს ვიხდით მათ მომზადებაში, რომ მერე ჩვენ დაგვარბიონ. ამ ხელისუფლებას ყველაფერთან ერთად, ცოტა გაუკუღმართებული წარმოდგენა აქვს ძალოვანი სტრუქტურების პასუხისმგებლობაზე ხალხის წინაშე. მათ ჩვენ წინააღმდეგ კი არ ვამზადებთ, არამედ ჩვენი მტრების წინააღმდეგ. როდესაც ჩვენი მტრების წინააღმდეგ ლაჩრები არიან, აქ ჩამოჰყავთ გავრილოვი, პარლამენტის სპიკერის სკამში სვამენ და სხდომა მიჰყავს მართლმადიდებლობის სახელით, სად გაგონილა მართლმადიდებლობაში ერთმანეთის ხოცვა, ეკლესიების დაკეტვა, ეს მართლმადიდებლურია? ივანიშვილი და რუსეთი მართლმადიდებლური არ არის, მათი ღმერთი არის მწვანე დოლარი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად მართებულია ოპოზიციის მიერ ძალოვნების მისამართით გაკეთებული განცხადებები, რომ საზოგადოება მათ ვინაობას გაიგებს, ნათელაშვილმა უპასუხა, რომ ისინი პასუხს აგებენ.
„აგებენ პასუხს, აბა რა იქნება. ათი წელი ვიმუშავე პროკურატურის ორგანოებში მაშინ, როცა „ეროვნული მოძრაობა“ იყო პიკზე და წარამარა იჭერდნენ ხან ზვიადს, ხან მერაბს, ხან ირაკლის, ხან ჭანტურიას და აბა ერთმა მაინც თუ თქვა, რომ მე მათ გავეკარე, მათ საქმეს, ვინმეს რამეში ხელი შევუშალე და რამე დავუშავე. აი, 30 წელია პოლიტიკაში ვარ და მთელი „ეროვნული მოძრაობა“ მეგობრობს ჩემთან და ვინმეს რამე თუ უთქვამს, ეს იმიტომ, რომ არ ვეკარებოდი ასეთ რაღაცებს.
სამართალდამცავები არიან ჩვენი ხალხის ნაწილი, ჩვენი ოჯახის წევრების ნაწილი და ისინი არ უნდა იყვნენ დაგეშილი საკუთარ ოჯახებზე, საკუთარ ხალხზე, რადგან ივანიშვილები და სხვები თუ მოასწრებენ, გაიქცევიან, ოფშორებში თავიანთ ანგარიშებიდან იცხოვრებენ. აი, ახლა ბერას ოთხი მილიარდის ქონება გადაუფორმა. სამართალდამცავ ორგანოებში ისევე უჭირთ მათ ოჯახებს, როგორც ჩვენს ოჯახებს, ისეთივე პრობლემები აქვთ განათლების, მუშაობის, კვების, გადასახადების გადახდის ხაზით. ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაყარონ თავიანთი ფარები, თავიანთი ეკიპირება და შეუერთდნენ ხალხს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.