შალვა ნათელაშვილი - პირველივე რაუნდიდან კოლეგები ხელით მეჭირა, რომ არ ჩაბარებოდნენ კელი დეგნანს
ვინც ახლა მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს, მათ მოლაპარაკებების პირველივე რაუნდიდან ერთი სული ჰქონდათ შევარდნილიყვნენ პარლამენტში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, „ახლა ისხდებიან პარლამენტში ის ოთხი „ლელოს“ წარმომადგენელი და იდვებიან ვითარცა მყუდვარნი, როგორც თამარის ისტორიკოსი ამბობს, არაფერი არ იქნება, როგორც დანარჩენი მყუდვარები სხედან იქ“.
„თუ არ იქნა გადანგრეული ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც არის დაუნდობელი, სასტიკი, შეუბრალებელი. ერთ კომპრომისს არ აკეთებს, რომ მერე ის პრეცედენტი არ გაუხდეს. რომ არ გაგვეკეთებინა ეს საერთო ოპოზიციური ფორმატი ხუთი თვე, ამ შედეგებამდე ვერ მივიდოდით. დოკუმენტში აღიარეს, რომ ახალი არჩევნებია ჩასატარებელი, მართალია, მიაბეს ადგილობრივ არჩევნებს, მაგრამ აღიარეს პოლიტპატიმრებიც და ესეც. არათუ აქამდე მივიდოდით, არამედ დაიჭერდნენ პოლიტიკური ლიდერებს, მათ შორის დაიჭერდნენ მამუკა ხაზარაძეს, ჯაფარიძეს. მათ შეეშინდათ ოპოზიცური ფრონტის, აბა, ოქრუაშვილს , უგულავას გამოუშვებდნენ ციხიდან? რომ არ ყოფილიყო ეს ოპოზიციური ფრონტი. ეს ისტორიული მიღწევა უნდა მიგვეყვანა ბოლომდე, თვენახევარი ნერვების ომის მოგება ნიშნავდა ახალ არჩევნებს, პოლიტიკური პატიმრების გამოშვებას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკების პირველივე რაუნდიდან კოლეგები ხელით ეჭირა, რომ არ ჩაბარებოდნენ აშშ-ის ელჩს.
„პირველივე რაუნდიდან კოლეგები ხელით მეჭირა, რომ არ ჩაბარებოდნენ კელი დეგნანს. უკვე საფრთხობელა ვიყავი იმ მოლაპარაკებებზე. ყველა მიყურებდა დიდი ეჭვით. როგორც კი წავიდოდა საუბარი, შედით პარლამენტში და სასამართლო რეფორმას ჩავატარებთ, მაშინვე ვდგებოდი და რაიმე იმისთანას ვამბობდი, რომ ჩაიშლებოდა ეს გეგმები. საბოლოო ჯამში იქამდე მივიდა საქმე, რომ რამდენიმე შეხვედრიდან გამომტოვეს და ისე უჩემოდ დაწერეს დოკუმენტი და პოსტ ფაქტუმ დამახვედრეს. ვინც ახლა მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს, მათ მოლაპარაკებების პირველივე რაუნდიდან ერთი სული ჰქონდათ შევარდნილიყვნენ პარლამენტში. ხაზარაძე-ჯაფარიძეს თავისი საბანკო ამბები აინტერესებთ, ესენი პოლიტიკოსებად არ დაბადებულან. „გირჩს“ აინტერესებს, სად უფრო გააბოლოს კარგად და მერე მარიხუანა დათესოს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.