შალვა ნათელაშვილი - მოვუწოდებ სუს-ის ყველა თანამშრომელს, დაწერეთ განცხადებები და ერთ თვეში დატოვეთ სამარცხვინო სტრუქტურა, რომელიც ხელისუფლების შეცვლისთანავე ერთხელ და სამუდამოდ გაუქმდება
ჩვენი მრავალჭირნახული საზოგადოება შოკშია იმ კადრების გამო, რომელიც ასახავს სუს-ის მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე კონტროლის უპრეცედენტო, მსოფლიოში არნახულ ფაქტებს, როდესაც ჭირისუფალსაც კი დაკრძალვასა და პანაშვიდებზე უთვალთვალებენ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოუწოდებს სახელმწიფო უშიშროების ყველა თანამშრომელს, დაწერონ განცხადებები და დატოვონ სტრუქტურა ერთ თვეში.
როგორც შალვა ნათელაშვილი ამბობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას მიმართ ევროპასა და ამერიკაში დაწესდება სავიზო, დიპლომატიური და საფინანსო სანქციები.
„დღეს ალბათ არავინ აღარ დავობს იმაზე, რომ ოლიგარქ ივანიშვილის დანაშაულებრივი სიძლიერე, მისი ორგანიზებული კრიმინალური სტრუქტურები, მისი ხელისუფლება დგას სახელმწიფო უშიშროების სამსახურზე, რომელიც არის ივანიშვილის პირადი უშიშროება და არც ერთ შემთხვევაში, სახელმწიფოს უსაფრთხოება. არჩევნების გაყალბება, ბიზნესის გაპარსვა და კონტროლი, ხელისუფლების ყველა შტოს თვალთვალი და ზედამხედველობა, საკადრო პოლიტიკა, დევნა, რეპრესიები, სულში შეძრომა, ხელების ფათური, ოკუპანტთან თანამშრომლობა, საქართველოს ტერიტორიის გადაქცევა ირანის, სირიის, რუსეთის აგრესიული მიზნების განსახორციელებელ სივრცედ – ყველაფერ ამას, საუბედუროდ, აკეთებს სახელმწიფო უშიშროების ე.წ. სამსახური, რის გამოც მთელი მსოფლიოს გასაგონად ვაცხადებ, ხელისუფლების შეცვლისთანავე ეს სტრუქტურა ერთხელ და სამუდამოდ იქნება გაუქმებული ქართული პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი სივრციდან.
მანამდე, მოვუწოდებ სახელმწიფო უშიშროების ყველა თანამშრომელს, ხელმძღვანელობიდან დამლაგებლებამდე, დაწერეთ განცხადებები და დატოვეთ ეს სამარცხვინო სტრუქტურა ერთ თვეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა თქვენგანის მიმართ ევროპასა და ამერიკაში დაწესდება სავიზო, დიპლომატიური და საფინანსო სანქციები. ნუ ჩაიყენებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში, ნუ გაიუბედურებთ ოჯახებსაც, დროზე მოცილდით ხალხის მჩაგვრელ, დანაშაულებრივ იარაღს, სადაც თქვენ მონებად გაქციეს.
ერთი თვის ვადას ვაძლევთ უშიშროების ყველა თანამშრომელს, რომ გამოეცალოს დანაშაულებრივ ორგანიზაციას. ყველაფერს წარმოვიდგენდი, რომ მითვალთვალებენ და მისმენენ, ეს ყველამ ვიცით, არავინაა ბავშვი და გამოუცდელი, ეს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, მაგრამ ახლა პანაშვიდზეც თუ მოვიდოდნენ და იქ შეამოწმებდნენ ჩემს „ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს“, რომელსაც ვახორციელებდი დაკრძალვასთან ერთად შეთქმულთა ჯგუფის კოორდინირებით, ამას ვეღარ წარმოვიდგენდი. რის თაობაზეც საუბარი გვაქვს, 0.1 პროცენტია იმის, რასაც ივანიშვილის შექმნილი დანაშაულებრივი ორგანიზაცია აკეთებს. თქვენ ის იკითხეთ, როგორაა გაკონტროლებული ყველა მოქალაქე, როგორაა შესწავლილი ყველას დოსიე, როგორ იციან, ვის მიმართ აქვთ სიმპათიები ადამიანებს, რომელი პოლიტიკური ძალის, ან პარტიის ან ლიდერის მიმართ. როგორ ხორციელდება მასზე ზეწოლა, ძალადობა, თვალთვალი და როგორ ახდენენ ადამიანის დათრგუნვას, რათა მან არ იაზროვნოს, არ იმოქმედოს თავისუფლად, არ იგრძნოს თავი ადამიანად. ჩვენ ამათ მთელი მსოფლიოს დასანახად ვასწავლით ჭკუას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.